აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ევროპის ხვ ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ქართული დელეგაციის მარაგი კიდევ 4 მედლით შეივსო. დღეს, ტატამზე 4 ქართველი ძიუდოისტი გავიდა და უმედლოდ არცერთი დარჩენილა.
ვერცხლის მედალს დაეუფლა აკაკი ჯაფარიძე (81 კგ.) რომელმაც პორტუგალიელი პედრო ლიმა, სლოვაკი სამუელ რეტი და უკრაინელი ტიმურ ვალიევი დააიპონა, ფინალში კი იპონზე თავად დაეცა ფრანგ არნო არეგბასთან.
ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს თორნიკე ფოლადიშვილმა (90 კგ.) და გიგა ტატიაშვილმა (+90 კგ.). ფოლადიშვილმა რუს ადამ სანგარიევს ვაზარი აართვა, ესტონელ კარლ პრილინ ტურკს იპონით აჯობა, ნახევარფინალში კი ფრანგ კენი ლივეზესთან იპონითვე დამარცხდა. მე-3 ადგილისთვის შეხვედრაში თორნიკემ იპონზე ებრაელი როი სივანი დასცა.
ტატიაშვილმა საწყისი ორთაბრძოლა იპონით წააგო მოლდოველ ალინ ბაგრინთან, რასაც რეპეშაჟში 3 გამარჯვება მიაყოლა: ლატვიელ ალეკსის ივაშჩენკოსთან, გერმანელ დანიელ უძილაურთანა და იტალიელ ჟან კარლეტისთან.
წარმატებული დღე ჰქონდა გვანცა სომხიშვილსაც, რომელმაც ბრინჯაოს მედალი გოგონათა +70 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოიპოვა. სომხიშვილმა რუმინელი ჯორჯიანა მილერს იპონით მოუგო, მეოთხედფინალში ჰოლანდიელ კარმენ დიიკსტრასთან იპონითვე წააგო, რეპეშაჟში კი ბულგარელ ირინა ჟელეზარსკას, პორტუგალიელ ალექსანდრა მორაიშსა და სლოვენიელ ნიკი ნორჩიჩს აჯობა.
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა, სულ, ბაქოში 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, საერთო ჯამში კი, ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე, ქართულ დელეგაციას 1 ოქრო, 5 ვერცხლი და 7 ბრინჯაო აქვს და მე-18 ადგილზეა.