„დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა ფელის ვისენტემ „გაბალასთან“ (2:0) გამარჯვების შემდეგ ისაუბრა. ესპანელი მწვრთნელის განცხადებით, მისმა გუნდმა კარგი თამაში აჩვენა და შედეგითაც კმაყოფილია, მაგრამ დასრულებული არაფერია.
ვისენტეს განცხადებით, შანსი ისევ თანაბარია და „დინამომ“ თბილისში კონცენტრაცია არ უნდა დაკარგოს.
„საუკეთესო ფეხბურთელბს ვერ გამოვარჩევ და ვიტყვი, რომ მთელმა გუნდმა 90 წუთი კონცენტრაციის დაკარგვის გარეშე ითამაშა. სწორედ ეს არის ჩვენი სიძლიერე და გუნდური თამაში მთელი მატჩის განმავლობაში.
ზოგადად ჩვენი მიზანია, რომ კარი მშრალად შევინახოთ და ამის გაკეთება მოვახერხეთ. კარგი თამაში იყო და შედეგითაც კმაყოფილი ვარ, მაგრამ ეს განაჩენი არაა და თბილისში რთული თამაში გველოდება. ამიტომ, მინდა ვთქვა, რომ ყველაფერი დამთავრებული არაა და ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ.
პირველ ტაიმში რამდენიმე საგოლე მომენტი გვქონდა, მაგრამ 90 წუთის განმავლობაში თამაშს ვაკონტროლებდით. შეცდომები იყო, თუმცა, მეტოქეც ფეხბურთის სათამაშოდ იყო გამოსული და ეს შეცდომებით ამით არის გამოწვეული. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ 90 წუთის განმავლობაში ვცდილობდით თამაში გაგვეკონტროლებინა.
ჩვენ ყველა კონკრეტული თამაშითვის გეგმა გვაქვს. ეს ევროთასებია და გვინდა მაქსიმალურად კარგად წარმოვაჩინოთ საკუთარი თავი. ჩვენი მიზანი მომდევნო ეტაპზე გასვლაა და ეს ამის არანაირ გარანტიას არ იძლევა, ამიტომაც, საპასუხო შეხვედრაშიც მოსაგებად უნდა ვითამაშოთ.
გუშინაც აღვნიშნე - ყველა წარმატება გუნდური მუშაობის შედეგია და ამაში მხოლოდ ფეხბურთელებს არ ვგულისხმობ. როდესაც ყველა საერთო საქმეს აკეთებს, ეს წარმატებული შედეგების საწინდარია.
„გაბალა“ საკმაოდ კომპაქტური გუნდია, აგრესიულ ფეხბურთს თამაშობს, სტანდარტულ სიტუაციებში სახიფათოა. რაც შეეხება ცალკეულ ფეხბურთელებს ვერ გამოვარჩევ, მაგრამ ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავს, რომელთაც შეუძლიათ შეცდომების გამოყენება.
ვიტყვი, რომ შანსი ახლაც 50%-50%-ზეა, საკმაოდ ძლიერი მეტოქე გვყავს. თბილისური შეხვედრა 0:0-დან დაიწყება და თუ „გაბალა“ პირველ გოლს გაიტანს, ყველაფერი ძალიან დაიძაბება. ამიტომ ბოლომდე ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ“, - თქვა ვისენტემ.
შეგახსენებთ, საპასუხო შეხვედრა თბილისში 1 აგვისტოს გაიმართება, ხოლო წყვილში გამარჯვებულის მომდევნო მეტოქე როტერდამის „ფეიენოორდი“ იქნება.
გიორგი მელქაძე WORLDSPORT.GE-სთვის გაბალადან