ფეხბურთი

20:15 | 24.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ნიუკასლმა“ ქვილითაიას ყოფილი თანაგუნდელი სარეკორდო ფასად შეიძინა

გერმანული „ჰოფენჰაიმის“ აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი ჟოე ლინტონი კარიერას „ნიუკასლ იუნაიტედში“ გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია ინგლისური გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

22 წლის ბრაზილიელმა „ნიუკასლთან“ 6-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და 9-ნომრიანი მაისური მოირგო. აღსანიშნავია, რომ ჟოელინტონი „კაჭკაჭების“ ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი გახდა. მის სანაცვლოდ „ჰოფენჰაიმმა“ 45 მილიონი ევრო მიიღო. აქამდე ეს რეკორდი მაიკლ ოუენს ეკუთვნოდა, რომელიც „ნიუკასლმა“ 2005 წელს 24 მილიონ ევროდ შეიძინა.

ჟოელინტონი „ჰოფენჰაიმმა“ 2015 წელს „რესიფედან“ 2.2 მილიონ ევროდ იყიდა. 2016-2018 წლებში კი ვენის „რაპიდში“ იჯარით თამაშობდა.

სწორედ ავსტრიულ გუნდში 2016-2017 წლების სეზონში ბრაზილიელი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, გიორგი ქვილითაიასთან ერთად შეტევის ხაზში ირჯებოდა. „ჰოფენჰაიმში“ კი გასულ სეზონში 33 მატჩი ჩაატარა და 11 გოლის გატანა მოახერხა.

0.123453