27 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი გერმანიის ქალაქ ჰამბურგში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 1 885 490 ევრო) მე-2 წრეში არგენტინელ ხუან იგნასიო ლონდეროს ეთამაშება.
შეგახსენებთ, რომ ნიკა ჰამბურგის ღია პირველობაზე შარშან მოპოვებული ტიტულის დასაცავად იბრძვის და დღეს, კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული უგო დელიენი (ბოლივია) 6:4, 6:3 დაამარცხა, მისმა მომავალმა მეტოქემ კი “იღბლიანი წაგებულის” სტატუსის მქონე ესპანელი ალეხანდრო დავიდოვიჩ ფოკინა დაჯაბნა – 6:3, 6:2.
ცნობისთვის, 25 წლის ლონდერო მსოფლიოს 56-ე ჩოგანია, თუმცა კი, თიხის საფარზე კარგად ასპარეზობს. ხუან იგნასიო და ნიკოლოზი წლეულს ერთმანეთს “როლან გაროსის” საწყის რაუნდში გადაეყარნენ და სამხრეთამერიკელმა დამაჯერებლად მოიგო – 6:4, 6:1, 6:3.
ბასილაშვილს რევანშის აღების შანსი ხვალ, 24 ივლისს მიეცემა. ქართულ-არგენტინული შერკინება ცენტრალურ კორტზე თბილისის დროით 20:30 საათიდან დაიწყება და თუკი ჩვენებურმა იმარჯვა, მეოთხედფინალში ფრანგულ წყვილში (შარდი-გასკე) უმჯობესზე გავა.