27 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი გერმანიის ქალაქ ჰამბურგში იმყოფება და ხვალ, შარშან მოპოვებული ტიტულის დაცვას დაიწყებს. Hamburg European Open-ის საპრიზო ფონდი 1 885 490 ევროა, ბასილაშვილი კი მე-4 ნომრადაა განთესილი.
შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა გასულ წელს კვალიფიკაციასა და ძირითად ბადეში, ჯამში, 7 მატჩი მოიგო და 500 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, წლევანდელ შეჯიბრში ჩართვამდე კი, 1485 ქულით, ლაივ-რეიტინგში მე-16-დან 25-ე ადგილამდე გახლავთ დაქვეითებული.
როგორც უკვე ვიუწყებოდით, ნიკას პირველი მეტოქე კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული, ბოლივიელი უგო დელიენი გახლავთ, რომელიც მსოფლიო კლასიფიკაციაში მხოლოდ 94-ეა. შეხვედრა 23 ივლისს პირველ კორტზე გახლავთ დაგეგმილი და პირველ წყებაში, თბილისის დროით 13:30 საათზე აიღებს სტარტს.
თუკი ბასილაშვილმა იმარჯვა, მე-2 წრეში არგენტინელ ხუან იგნასიო ლონდეროსა და ესპანელ ალეხანდრო დავიდოვიჩ ფოკინა შორის უმჯობესს შეხვდება. ეს უკანასკნელი ძირითად ბადეში “იღბლიანი წაგებულის” სტატუსით მას შემდეგ მოხვდა, რაც ბოლო წამს შეჯიბრიდან იტალიელი სალვატორე კარუზო მოიხსნა.