კალათბურთი

15:12 | 22.07.2019 | ნანახია 2668 - ჯერ

ქართველმა კალათბურთელებმა ევრობასკეტ 2021-ის შესარჩევ ციკლში მეტოქეთა ვინაობა შეიტყვეს

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტ 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე, E ჯგუფში, სერბეთსა, ფინეთსა და შვეიცარია/პორტუგალია/ისლანდიას შორის უმჯობესს შეხვდება.

ეს, დღეს, გერმანიის ქალაქ მიუნხენში გამართული წილისყრის დროს გაირკვა, რომლის დროსაც 32 ევროპული ნაკრები 8 ჯგუფში გადანაწილდა და მომავალი წლიდან ფინალურ ეტაპზე გამსვლელი 24 საგზურისთვის იბრძოლებს.
საინტერესოა, რომ წილისყრის პროცედურაში მონაწილეობა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ვლადიმერ ბოისამაც მიიღო და ეს, შემთხვევით არ მომხდარა.
როგორც მოგეხსენებათ, საქართველო გერმანიასთან, ჩეხეთთანა და იტალიასთან ერთად იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებიც ევროპის პირველობის ფინალურ ჯგუფებს უმასპინძლებენ და ეს ოთხეული ტურნირში მონაწილეობას ყველა ვარიანტში მიიღებს, მიუხედავად იმისა, შესარჩევ ციკლში როგორი შედეგები ექნება.
გათამაშების ფორმატის თანახმად, ევრობასკეტის 24 საგზურს თითოეული (8) ჯგუფის 3 საუკეთესო გუნდი მოიპოვებს. იმ ჯგუფებიდან, სადაც ევრობასკეტის მასპინძელი ქვეყნები მოხვდნენ, ევრობასკეტზე 2 საუკეთესო გავა, რომლებსაც ნებისმიერ ადგილზე გასვლის შემთხვევაში, სწორედ ერთ-ერთი მასპინძელი დაემატება.

თავადაც ხედავთ, რომ ბოლო კალათიდან საქართველოს ნაკრების მეტოქე დაზუსტებული ჯერაც არ გახლავთ. შვეიცარია, პორტუგალია და ისლანდია მიმდინარე წლის 3-21 აგვისტოს ევრობასკეტ 2021-ის წინასაკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს ჩაატარებენ და საქართველოს, სერბეთსა და ფინეთს სწორედ მათ შორის უძლიერესი დაემატება.
ცნობილია ისიც, რომ ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩები ფიბა-ევროპის მიერ დადგენილი 3 ფანჯრის პერიოდში ჩატარდება: 2020 წლის 17-25 თებერვალი, 23 ნოემბერი-1 დეკემბერი და 2021 წლის 15-23 თებერვალი. ყოველი ფანჯრის პერიოდში ნაკრებები ორ-ორ მატჩს გამართავენ. თამაშები გასვლა-სახლის პრინციპით შედგება.

A ჯგუფი: ესპანეთი, პოლონეთი, ისრაელი, სლოვაკეთი/კვიპროსი/რუმინეთი.
B ჯგუფი: რუსეთი, იტალია, ჩრდილოეთ მაკედონია, ესტონეთი.
C ჯგუფი: ლიტვა, ჩეხეთი, ბელგია, ალბანეთი/ბელარუსი/დანია.
D ჯგუფი: ხორვატია, თურქეთი, ჰოლანდია, შვედეთი.
E ჯგუფი: სერბეთი, ფინეთი, საქართველო, შვეიცარია/პორტუგალია/ისლანდია.
F ჯგუფი: სლოვენია, უკრაინა, უნგრეთი, ავსტრია.
G ჯგუფი: საფრანგეთი, გერმანია, მონტენეგრო, ლუქსემბურგი/კოსოვო/დიდი ბრიტანეთი.
H ჯგუფი: საბერძნეთი, ლატვია, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ბულგარეთი.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:15 | 23.07.2019
sabonis (9584)

ისე ამ შესარჩევი ეტაპის მთავარი დანიშნულება უნდა იყოს კარგი გამთამაშებლის გამოზრდა, თუ მსროლელიც გამოჩნდება ვინმე მთლად უკეთესი.სამწამიანში მე მგონი ყველაფერი, რიგზეა, თუმცა ჯანელიძის გდამობირებაზე უნდა ვიფიქროთ არა მგონი ავსტრიის ნაკრებში თამაში ხიბლავდეს, იმედი ევროკავშირის პასპორტი არაა მისთვის სიკვდილ სიცოცხლის საქმე. ეს ორმაგი მოქალაქეობა კიდე რატო გააუქმა წულუკიანმა ვერ გავიგე.

09:25 | 23.07.2019
RHP (3623)

უშანსოდ კალენდრის გამო ვიყავით თორემ შენგელიასთან და ბითაძესთან ერთად საქართველო დარწმუნებული ვარ რომ ანგარიშგასაწევი ძალა იქნებოდა აქ თუნდაც მეორე ადგილის ასაღებად

18:45 | 22.07.2019
levani82 (41682)

rejimiler

მარტო ჩვენ კი არა სხვებიც ზარალდებიან. აგერ მსოფლიო ჩემპიონატზე ამის გამო რამდენი ქვეყანა ვერ მოხვდა თუნდაც მოქმედი ევროპის ჩემპიონი სლოვენია

18:31 | 22.07.2019
rejimiler (736)

ისე მიყავს ფიბა-ს საქმე წარმატებული ლეგიონერი თუ გვეყოლა აღარ უნდა უხაროდეს ქვეყანას, ამ კალენდარზე ვერც ევროლიგის მოთამაშე ჩამოვა და ვერც ნბა. ამას ისევ წინა სისტემა ჯობია აგვისტოში რო იყო შესარჩევის 3 თამაში წელიწადში.

15:32 | 22.07.2019
ilia_juventus (2091)

მგონი უშანსოდ ვიყავით : ) მაგრად გაგვიმართლა.. ძალიან მაგარია რომ ამ თამაშებს მოსამზადებლად გამოვიყენებთ. თან არანაირი წნეხი არ გვექნება

0.141637