დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და GIPA-ს საერთო საგანმანათლებლო პროგრამის „სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში“-ს მესამე გამოშვება საზეიმოდ დასრულდა. წარმატებულ კურსდამთავრებულებს შესაბამისი სერტიფიკატები სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა აკაკი ალადაშვილმა და GIPA-ს ადმინისტრაციის უფროსმა არჩილ გერსამიამ გადასცეს.
სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიის დაწყებამდე მონაწილეებმა სიმბოლურად, ფეხბურთი ითამაშეს. შემდეგ კი სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა და GIPA-ს ადმინისტრაციის უფროსმა დამსწრეებს მიმართეს და მსგავსი საგანმანათლებლო პროგრამების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
აკაკი ალადაშვილი - სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი: "დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის, ისე GIPA-ისთვის და უშუალოდ სასწავლო პროგრამის მონაწილეებისთვის. მსურს, რომ ყველას მივულოცო კურსის წარმატებით დასრულება. დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული მათგანი აღნიშნულ კურსზე მიღებულ ცოდნას როგორც ახლანდელ ისე მომავალ საქმიანობაში წარმატებით გამოიყენებს.
ჩემი აზრით, აღნიშნული საგანმანთლებლო პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია განათლების მიმართულებით კიდევ რამდენიმე პროექტს ახორციელებს, რადგან ვთვლით, რომ განათლებული და პროფესიონალი კადრების გარეშე სფეროს განვითარება შეუძლებელია. ძალიან სასიამოვნოა, რომ მონაწილეები აქტიურად არიან ჩართული მსგავს პროექტებში.
აქვე მადლობას გადავუხდი GIPA-ს, რომელთან ერთადაც უკვე მეორე წელია ვახორციელებთ სასერტიფიკატო პროგრამას ფეხბურთის მენეჯმენტში და ვთვლი, რომ ეს თანამშრომლობა გახდება იმის საფუძველი, რომ ფეხბურთში დიდ წარმატებას მივაღწიოთ."
აჩიკო გერსამია - GIPA-ს ადმინისტრაციის უფროსი: "ეს არის GIPA-ს და ფეხბურთის ფედერაციის საერთო პროექტის „სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში“-ს მეორე გამოშვება. ვთვლი, რომ ეს არის ძალიან წარმატებული პროექტი, რომელიც კარგი მაგალითია დარგისა და აკადემიის თანამშრომლობის. როგორ წესი ასეთი თანამშრომლობა, ყოველთვის კარგ შედეგს იძლევა და ეს აღნიშნული პროგრამის შედეგებშიც აისახება. ჩემი აზრით, ეს იქნება პირდაპირი საწინდარი, როგორც კონკრეტული დარგის, ისე მთლიანად ქვეყნის განვითარების."
პროგრამაში საფეხბურთო სფეროში მოღვაწე 17 ადამიანი იღებდა მონაწილეობას, რომლებსაც 4 თვის მანძილზე სპეციალური სემინარები უტარდებოდათ. კურსის განმავლობაში მონაწილეებს საშუალება ქონდათ შეესწავლათ ფეხბურთის მენეჯმენტთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის, მსოფლიო ფეხბურთის მოწყობა, საზოგადოებასთან ურთიერთბისა და მარკეტინგის საფუძვლები, საფეხბურთო ღონისძიების ორგანიზება, სტადიონების მართვა, უსაფრთოების საკითხები, ფინანსები და სხვა. კურსის სასწავლო პროგრამა მოიცავდა, როგორც თეორიულ ისე პრაქტიკულ სემინარებს.
პროგრამა ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დაფინანსებით, უკვე მესამედ იმართება და ის უეფას სასერტიფიკატო კურსის - „სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში“ ქართული ანალოგია.
www.gff.ge