საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატი “თბილისის კავკასიელების” ევროთასებში მონაწილეობით გამოწვეული ერთთვიანი პაუზის შემდეგ ხვალ ორი თბილისური მატჩით განახლდება.
მეხუთე ტურის ცენტრალური შეხვედრა “ავჭალაზე” 16 საათზე დაიწყება - თბილისის “ლოკომოტივი” ბოლნისის “ყოჩებს” დაუხვდება. ქვემოქართლელებმა შესვენებამდე გამართული ოთხივე თამაში მოიგეს და ერთადერთი გუნდია, რომელიც ჯერჯერობით უდანაკარგოდ მიდის. დანაკარგად ვერ ჩაითვლება პრემიალური ქულები, რომლის აღებაც “ყოჩებმა” მხოლოდ ერთხელ, მეოთხე ტურში “თიბიეს უნივერსიტეტთან” მოახერხა. “ლოკომოტივი” ამ ეტაპზე 9 ქულით მეოთხე ადგილზეა და ლიდერს 8 ქულით ჩამორჩება, მაგრამ ეს იმიტომ, რომ ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული და პოტენციურად ის ბოლნისელთა უახლოესი მდევარია.
“ლოკომოტივი” სასტარტო მატჩში “ხარებთან” დამარცხდა, როდესაც პირველ ტაიმში 25-წუთიანი მოდუნება 4 მიღებულ ლელოდ დაუჯდა და მეორე ტაიმში დრო აღარ ეყო გამარჯვების მოსაპოვებლად - 22:26. ამის შემდეგ “რკინიგზელებმა” “ჯიქები” (16:3) და “აია” (ქუთაისში 9:3) დაამარცხეს, მაგრამ გუნდის მთავარი მწვრთნელი თემურ ბენდიაშვილი ჯერ კიდევ გათამაშების დაწყებამდე ამბობდა, რომ განვლილ 4 თამაშს (აქედან ერთი - “არმაზთან” გადაიდო) მოსამზადებელ ეტაპად განიხილავდა და მისი რეალური ძალა სწორედ ახლა, “ყოჩებთან” დაპირისპირებაში გამოჩნდება. “ლოკომოტივმა” ერთთვიანი პაუზა უქმად არ დაკარგა და ინტენსიური მზადების პარალელურად საქართველოს რკინიგზასთან სპონსორობის ხელშეკრულება გაახანგრძლივა. ახლა მათ იმის დამტკიცების სურვილი ექნებათ, რომ მათთვის დახარჯული ფული წყალში გადაყრილი არაა.
“ყოჩებმა” ოთხი თამაშიდან სამი ბოლნისში ჩაატარა და სამივეში დამაჯერებლად იმარჯვა (“არმაზთან” 27:16, “აიასთან” 30:14 და “თიბიესთან” 36:13). მეორე ტურში მათ თბილისში გაუჭირდათ და არასანახაობრივ მატჩში “ჯიქებს” ჩემპიონატის საუკეთესო ბომვარდირის, თემურ სოხაძის ჯარიმებით 6:0 მოუგეს. სავარაუდოდ, მომავალ შეხვედრაშიც ბევრი რამ სწორედ ჯარიმებით გადაწყდება. ბოლნისელებს “ლოკომოტივთან” ერთგვარი რევანშიც აქვთ ასაღები. გასული ჩემპიონატის რეგულარული გათამაშების პირველ წრეში “ყოჩები” 19:20 დამარცხდა, დასკვნით ტურში 18:16 იმარჯვა და ამ შედეგების გათვალისწინებით პლეი ოფის მეორე წრეში ყველა უშეღავათო ბრძოლას ელოდა, მაგრამ “ლოკომოტივმა” მეტოქე იოლად - 29:10 დაამარცხა და მეოთხე ადგილზე დატოვა, თავად კი, ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა.
16 საათზე “შევარდენზე” იწყება “თიბიეს უნივერსიტეტისა” და რუსთავის “ხარების” დაპირისპირება. დებიუტანტი “თიბიესი” ერთადერთი გუნდია, რომელსაც უმაღლესლიგაში ჯერჯერობით გამარჯვება არ უზეიმია, თუმცა, გუნდი მუდამ ბოლომდე იბრძვის. პირველ ორ ტუტში ამ ბრძოლამ შედეგიც მოიტანა და “ლელოსთან” (19:24) და “აიასთან” (23:26) პრემიალური ქულები მიიღო, მაგრამ მერე მეტოქეებმა მისი თამაში შეისწავლეს და “ბათუმმა” 23:9, ხოლო “ყოჩებმა” 36:13 დაამარცხა.
“ხარები” მიმდინარე გათამაშებაში მოულოდნელ ლიდერად მოგვევლინა. პირველ ორ ტურში “ლოკომოტივისა” (26:22) და “არმიას” პრემიალური ქულით (44:3) ძლევის შემდეგ, რუსთაველები “ლელოს” დამარცხებასთანაც ახლოს იყვნენ, მაგრამ ბოლოს თავად დადგნენ მარცხის საფრთხის წინაშე და ფრეს ვაჟა ხუციშვილის ჯარიმითღა მოიპოვეს. სამაგიეროდ, გასულ ტურში “ხარები” “ბათუმთან” თავად დამარცხდა ბოლო წუთზე გაშვებული ჯარიმით, რამაც გულშემატკივართა გულისწყრომა გამოიწვია და სრკ-ს გამგეობამ გუნდს სეზონის ბოლომდე პირობითი დისკვალიფიკაცია გამოუწერა, ხოლო მისი ერთ-ერთი ლიდერი ზვიად ესართია ათკვირიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.
5 ოქტომბერს ტურის მეორე ცენტრალურ შეხვედრას “შევარდენი” უმასპინძლებს. ქვეყნის ჩემპიონი “ლელო სარასენსი” დედაქალაქურ დერბიში დიდი ამბიციების მქონე “ჯიქებს” ეთამაშება. ორივე გუნდს ორ-ორი მოგება აქვს. “ლელომ” ჩემპიონატის სტარტზე “თიბიესს” (24:19) და “ბათუმს” (20:0) მოუგო, მაგრამ შემდეგ ორ ჯერზე ვეღარ იმარჯვა - “ხარებთან” ფრე და მოულოდნელი მარცხი “არმაზისგან” 8:20. ამ გუნდის დიდმა ნაწილმა “კავკასიელების” შემადგენლობაში “როვიგოს” წინააღმდეგ ითამაშა, ახლა კი, მშობლიური კლუბის მაისურს მოირგებენ და პირველობის შენარჩუნებისთვის ბრძოლას გააგრძელებენ.
“ჯიქებმა” ქუთაისში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ (18:15), ზედიზედ ორი შეხვედრა დათმო (“ჯიქებთან” 0:6 და “ლოკომოტივთან” 16:3). გასულ ტურში მათ მძიმე ბრძოლა გადაიტანეს “არმიასთან” და საბოლოოდ მინიმალური სხვაობით იმარჯვეს - 13:12. გასული ჩემპიონატის პირველ წრეში “ლელომ” “ჯიქებს” 19:9 აჯობა, მაგრამ მეორე წრეში სრულფასოვანი რევანში შედგა და 10-ქულიანი უპირატესობით უკვე “ჯიქებმა” იმარჯვა - 24:14.
“ავჭალაზე” 16 საათზე იწყება ვიცე-ჩემპიონ “არმიასა” და ქუთაისის “აიას” შეხვედრა. არმიელებმა ზაფხულში ფინანსებთან ერთად 16 წამყვანი მორაგბეც დაკარგეს, მაგრამ გუნდმა ბრძოლისუნარიანობა შეინარჩუნა და თუ არ ჩავთვლით მეორე ტურში ჩავარდნას (მარცხი “ხარებთან” 3:44), კარგი შთაბეჭდილება დატოვა. “არმიამ” პირველ ტურში “ბათუმი” 25:15, ხოლო მესამეში “არმაზი” 12:9 დაამარცხა. ერთი თვის წინ გუნდმა “ჯიქებთანაც” ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ ხოლოდ პრემიას დასჯერდა (12:13) და 9 ქულით მეექვსე ადგილზეა.
“აიამ” განვლილ 4 მატჩში ის თამაში და შედეგი ვერ აჩვენა, რასაც მისგან ქუთაისელი გულშემატკივარი ელის. ახალგაზრდულმა შემადგენლობამ მშობლიურ ქალაქში სამი თამაში ჩაატარა, “ჯიქებთან” (15:18) და “ლოკომოტივთან” (6:9) თითო ჯარიმის სხვაობით დამარცხდა, ხოლო “თიბიეს უნივერსიტეტს” თავად აჯობა 3 ქულით. მეოთხე მატჩი “აიამ” ბოლნისში გამართა და “ყოჩებთან” უშანსოდ დამარცხდა (14:30). ქუთაისელებს 6 ქულა აქვთ და მე-8 ადგილზე არიან, მაგრამ საპლეიოფი ექვსეულისთვის ბრძოლა ჯერ ბოლომდე არ გახურებულა. შარშან თბილისში “აიამ” 24:18 იმარჯვა, ქუთაისში კი, გამარჯვება “არმიას” დარჩა (9:8).
ტურის ბოლო მატჩში “ბათუმი” “არმაზს” ანგისაზე მასპინძლობს. ზღვისპირელებმა საწყის ორ ტურში განცდილი მარცხების შემდეგ (“არმიასთან” 15:25 და “ლელოსთან” 0:20), შეთამაშება შეძლეს და ჯერ “თიბიესს” სძლიეს (23:9), ხოლო შემდეგ ლიდერთა შორის მყოფი “ხარები” რუსთავში ბოლო წუთზე გატანილი ჯარიმით 18:15 დაამარცხეს. ჩემპიონატის სტარზე გაუჭირდა “არმაზსაც”. პირველ ტურში გუნდი “ყოჩებთან” 16:27 დამარცხდა, მერე მათი და “ლოკომოტივის” შეხვედრა ცნობილი სამწუხარო მიზეზის გამო გადაიდო, მერე კი, სიტუაცია გამოსწორდა. “არმიასთან” პრემიალური ქულის აღების შემდეგ, არმაზელებმა ქვეყნის ჩემპიონ “ლელოს” 20:8 აჯობეს და სატურნირი მდგომარეობასთან ერთად, ხასიათიც მნიშვნელოვნად გამოიკეთეს.
საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატი
V ტური
4 ოქტომბერი
თბილისი. “შევარდენი”. 16:00 საათი
თიბიეს უნივერსიტეტი (თბილისი) - ხარები (რუსთავი)
თბილისი. “ავჭალა”. 16:00 საათი
ლოკომოტივი (თბილისი) - ყოჩები (ბოლნისი)
5 ოქტომბერი
თბილისი. “შევარდენი”. 16:00 საათი
ლელო სარასენსი (თბილისი) - ჯიქები (თბილისი)
თბილისი. “ავჭალა”. 16:00 საათი
არმია (თბილისი) - აია (ქუთაისი)
ბათუმი. ანგისა. 16:00 საათი
ბათუმი (ბათუმი) - არმაზი (თბილისი)
ქ | სხვ | მ-წ*ფ | $ | |
ბოლნისი ყოჩები | 17 | +56 | 4-0 | 1 |
ხარები რუსთავი | 12 | +42 | 2-1*1 | 2 |
ლელო სარასენს | 10 | +13 | 2-1*1 | 0 |
ლოკომოტივი^ | 9 | +12 | 2-1 | 1 |
ჯიქი | 9 | -15 | 2-2 | 1 |
არმია | 9 | -29 | 2-2 | 1 |
ბათუმი | 8 | -13 | 2-2 | 0 |
აია ქუთაისი | 6 | -19 | 1-3 | 2 |
არმაზი | 5 | -2 | 1-2 | 1 |
თიბიეს უნივერს’ | 2 | -45 | 0-4 | 2 |