ტურინის „იუვენტუსის“ ახალწვეულმა მატის დე ლიხტმა პირველი კომენტარი გააკეთა. 19 წლის ფეხბურთელმა „აიაქსს“ მადლობა გადაუხადა, თუმცა აღნიშნა, რომ ახალი გამოწვევის დრო იყო.
„აიაქსის“ აკადემიაში 10 წელი გავატარე, მთავარ გუნდში სამი წელი. ეს შესანიშნავი დრო იყო, რომელიც არასდროს დამავიწყდება. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, რადგან იქ ჩამოვყალიბდი, როგორც ადამიანი და როგორც ფეხბურთელი. ყველაფერი მომენატრება, ყოველი ვარჯიში, რომელიც ჩემთვის შვებულებასავით იყო. მაგრამ ზოგჯერ ახალი გამოწვევების მიღების დროა, რომლის დრო ახლა დადგა და ნაბიჯი წინ უნდა გადამედგა.
ბავშვობიდან იტალიელი მცველების თამაშით მოხიბლული ვიყავი. იტალიელები ჩემი კერპები იყვნენ, მაგალითად მალდინი, ბარეზი, ნესტა, კანავარო და შირეა. ხანგრძლივი მოლაპარაკებები? რა თქმა უნდა, ეს ადვილი არ ყოფილა. გასულ კვირაში „აიაქსში“ ვვარჯიშობდი, მაგრამ შემდეგ ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო. ბედნიერი ვარ, რომ „იუვენტუსში“ გადმოვედი, ეს ფანტასტიკური გუნდია. ძალიან მიხარია, რომ ახლა ფეხბურთზე სრულად კონცენტრირებას მოვახერხებ“, - თქვა დე ლიხტმა.
შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელმა „ბებერ სინიორასთან“ 5-წლიანი კონტრაქტი დღეს გააფორმა. ხვალ კი მედიის წინაშე წარადგენენ.