ქართველი სუმოისტი თეიმურაზ ჯუღელი იგივე გაგამარუ წარუმატებლად ირჯება იაპონიის ქალაქ ნაგოიაში მიმდინარე სუპერტურნირზე, რაც მის წოდებაში სერიოზულ ვარდნას მოასწავებს.
შეგახსენებთ, რომ გაგამარუ ნაგოიას ბაშოს რანგით მე-2 დივიზიონ ჯურიოში დასავლეთის მე-2 რეიტინგით შეხვდა, თუმცა, მეტოქეებისთვის სათანადო წინააღმდეგობის გაწევას ვერ ახერხებს. ქართველი გოლიათის აქტივში მხოლოდ 2 მოგებაა, დღეს კი, უკვე მე-9 მარცხი (იორიკირით) აღმოსავლეთის მე-8 ნომერ დაიამამისთან განიცადა.
გაგამარუ მორიგ ორთაბრძოლას ხვალ ჩაატარებს, მისი მეტოქე კი მიტორიუ იქნება, რომელთან ურთიერთშეხვედრებშიც თანაბარი ბალანსი (3 მოგება, 3 მარცხი) გააჩნია.
ამასობაში, ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში მიჯრით მე-11 გამარჯვება იზეიმა და ერთპიროვნულ ლიდერად რჩება მონღოლი იოკოძუნა კაკურიუ, რომელმაც აღმოსავლეთის მე-5 მაეგაშირა კოტოშოგიკუ ცუკიოტოშით დაამარცხა.
დღეს, მე-10 გამარჯვება უბრძოლველად ერგო კიდევ ერთ მონღოლ იოკოძუნა ჰაკუჰოს, რომლის მოწინააღმდეგეც ოძეკი ტაკაიასუ უნდა ყოფილიყო, თუმცა, ამ უკანასკნელმა ტრავმის გამო, შეჯიბრი ნაადრევად დაასრულა.
ამგვარად, ნაგოიას ბაშო ოძეკების გარეშე გაგრძელდება, რაც იშვიათი შემთხვევაა. შეგახსენებთ, რომ ტაკაკეიშო საზაფხულო სუპერტურნირში საერთოდ არ ჩართულა, ტოჩინოშინი, გოეიდო და ახლა უკვე ტაკაიასუ კი ტურნირს მოგვიანებით გამოეთიშნენ.