ტირასპოლის „შერიფის“ მთავარმა მწვრთნელმა ზორან ზეკიჩმა „საბურთალოსთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მარცხის შემდეგ ისაუბრა. ხორვატმა სპეციალისტმა გიორგი კოხრეიძე გამოჰყო და აღნიშნა, რომ ამ ორ თამაშში მან გიჟური ფეხბურთი ითამაშა.
„პირველ რიგში მინდა „საბურთალოს“ მივულოცო შემდეგ ეტაპზე გასვლა. ასევე ჩემს გუნდს ვულოცავ კარგ თამაშს. პირველ თამაშში მხოლოდ 50% ვაჩვენეთ და ისე რომ გვეთამაშა, როგორც ახლა, დღეს უფრო ბედნიერი ვიქნებოდი. მინდა გამოვყო მეტოქის 10 ნომერი (გიორგი კოხრეიძე), მისი თამაში ამ ორ შეხვედრაში სრული სიგიჟე იყო. ის ძალიან სწრაფად იღებდა გადაწყვეტილებებს და ჩვენ მის სისწრაფეებს ვერ ავყევით. ეს ერთადერთო ახსნაა. მისმა საფეხბურთო დონემ გარღვევა გამოიწვია, ის საუკეთესო იყო.
ვვიქრობ მთავარი პირველ მატჩში განცდილი მარცხი იყო. ჩვენ ძალიან ნელა ვმოქმედებდით და აგრესია არ გვქონდა. ნახევამცველები დაცვას არ ეხმარებოდნენ, მეტოქის სისწრაფეებს ვერ ავყევით. დღეს კი საწყისი 10 წუთის შემდეგაც გვქონდა რამდენიმე მომენტი. უნდა აღვნიშნო, რომ 5 ნახევარმცველი გუნდის 20 დღის წინ შეუერთდა, აქედან გამომდინარე პირველი მატჩის ბედიც ამან განაპირობა.
რა თქმა უნდა, არ წარმომედგინა, რომ პირველ 10 წუთში 3 გოლს გავიტანდით. პირველი მატჩის შემდეგ ვფიქრობ „საბურთალო“ უბრალოდ მოდუნებული იყო, ეს არ არის მხოლოდ მათი პრობლემა, ეს ბევრი გუნდის პრობლემაა. სავარაუდოდ, „საბურთალოს“ მწვრთნელმა გააფრთხილა ფეხბურთელები, მაგრამ ისინი ადამიანები არიან. მეც ბევრს ვეუბნები იგივეს ჩემს ფეხბურთელებს, მაგრამ ხშირად შეცდომებს ვიმეორებთ.
ფეხბურთში ყოველთვის ფავორიტები არ იმარჯვებენ, ეს ფეხბურთია და პირველად არ მომხდარა. ჩვენ ვუყუროთ „საბურთალოს“ თამაშებს, ანალიზი გავუკეთეთ, მაგრამ პირველ თამაშში ჩვენი ამოცანა ვერ შევასრულეთ. ალბათ ეს პირველ რიგში ჩემი ბრალია“, - თქვა ზეკიჩმა.
შეგახსენებთ, „საბურთალომ“ „შერიფთან“ თბილისში 1:3 წააგო, მაგრამ ვინაიდან პირველი თამაში მოლდოვაში 3:0 ჰქონდა მოგებული, მომდევნო ეტაპზე გავიდა, სადაც ზაგრების „დინამოს“ შეხვდება.