კალათბურთი

21:15 | 16.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველმა 20-წლამდელებმა კოსოვოც გაანადგურეს

საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ზედიზედ მე-4 გამარჯვება იზეიმა და C ჯგუფში ერთპიროვნულ ლიდერობას ინარჩუნებს.

დღეს, ქართველი კალათბურთელები ერთ-ერთ აუტსაიდერ კოსოვოს შეხვდნენ და დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმეს – 86:52. მილოშ გლიგორიევიჩის შეგირდებმა 3 მეოთხედი დამაჯერებლად მოიგეს და მხოლოდ 1 ათწუთეული დაასრულეს ფრედ.
ნაკრების თავკაცმა სათამაშო დრო განაცხადში მყოფ თორმეტივე კალათბურთელს გაუნაწილა, რომელთაგან ქულების აღება ყველამ მოახერხა, ამასთან, მინიმუმ 7 ქულა ერთბაშად 9 (!) მოთამაშემ ჩააგდო, რაც კარგ გუნდურ თამაშზე მიუთითებს.
ყველაზე შედეგიანი ლუკა მაზიაშვილი იყო 12 ქულით, 10 ქულა, 5 მოხსნა და 4 პასი მიითვალა რატი ანდრონიკაშვილმა, ზაურ ჯანელიძემ, ნიკოლოზ მეცხვარიაშვილმა და აკაკი ფიფიამ 9-9 ქულა ჩააგდეს, დავით კაკუშაძემა და ივანე მეგენეიშვილმა – 8-8, ხოლო ზურაბ ჟღენტმა და ცოტნე ცარციძემ კი – 7-7.
როგორც აღვნიშნეთ, ქართველი კალათბურთელები ჯგუფს მაქსიმალური შედეგით ლიდერობენ და თუკი, დღეს ღამით შვედეთმა ჰოლანდიას სძლია, პლეი-ოფში თამაშს ვადაზე ადრე გაინაღდებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფერი 17 ივლისს გადაწყდება, როდესაც საქართველო ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ ესტონეთს გაეჯიბრება.
ბალტიისპირელებმა დღეს სომხეთი 99:41 გაანადგურეს და 3 მოგებითა და 1 წაგებით მე-2 ადგილზე იმყოფებიან. ესტონეთს ერთადერთი და თანაც ძალიან მტკივნეული მარცხი (57:84) ჰოლანდიასთან შეემთხვა, რომელსაც ჩვენმა კალათბურთელებმა 85:73 სძლიეს.

0.11499