ცნობილია ფინანსური გეგმა, რისი მიხედვითაც უეფა 2019-2020 წლების სეზონში ევროტურნირებზე იხელმძღვანელებს. ჩვენთვის ბუნებრივია, მთავარი ინტერესია საკვალიფიკაციო ეტაპის ფულადი ჯილდოები, რადგან ქართული კლუბები სწორედ აქ ასპარეზობენ (ყოველშემთხვევაში ამჟამად ასეთი მოცემულობაა).
საქართველოს ჩემპიონმა „საბურთალომ“ ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო და ამისთვის 280 ათასი ევრო მიიღო. უეფას ვებგვერდის ინფორმაციით, ხსენებულ ეტაპზე მონაწილე გუნდები სწორედ ამ თანხას გამოიმუშავებენ.
„საბურთალო“ ძალიან ახლოსაა მეორე საკვალიფიკაციო ეტაპთან და თუ „შერიფის“ ბარიერს დაძლევს, მისი შემოსავალი უეფასგან 380 ათასი ევროთი გაიზრდება.
ესეც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე უეფას მიერ განაწილებული ფინანსები:
წინასწარი შესარჩევი ეტაპი - 230 ათასი ევრო
პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი - 280 ათასი ევრო
მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი - 380 ათასი ევრო
მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი - 480 ათასი ევრო
საგულისხმოა, რომ თუ „საბურთალო“ პლეი-ოფში მოხვდება, იქ უკვე ვეღარ გამოიმუშავებს თანხას, რადგან გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავა, ხოლო დამარცხების შემთხვევაში ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზებს. შესაბამისად, სხვა სისტემით დაფინანსდება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჯგუფში მოხვედრის შემთხვევაში საკვალიფიკაციო ეტაპზე დაგროვი თანხას ვერ მიიღებს, რადგან უეფა ჯგუფში მონაწილეებს ისედაც სოლიდური თანხით აფინანსებს და ე.წ სოლიდარობის ფონდიდან გამომუშავებულ თანხას აღარ გასცემს.
ევროპა ლიგა
წინასწარი შესარჩევი ეტაპი - 220 ათასი ევრო
პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი - 240 ათასი ევრო
მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი - 260 ათასი ევრო
მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი - 280 ათასი ევრო
პლეი-ოფი - 300 ათასი ევრო (მხოლოდ დამარცხებულებს)
ეს კი, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპების ფინანსური სქემაა. როგორც ხედავთ, პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობისთვის „დინამო თბილისი“, „ტორპედო“ და „ჩიხურა“ 240 ათას ევროს მიიღებენ, ყოველ დაძლეულ ბარიერზე კი, წინანდელთან შედარებით 20 ათასი ევროთი მეტს გამოიმუშავებენ (240 ათასი 260 ათასი, 280 ათასი).
გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ევროპა ლიგის პლეი-ოფში თანხას მხოლოდ დამარცხებული გუნდები მიიღებენ (300 ათას ევროს), რადგან გამარჯვებულები ჯგუფურ ეტაპზე გავლენ და შესაბამისად, ძირითადი ბადიდან დაფინანსდებიან და სოლიდარობის ფონდი მათზე გათვალისწინებული არაა.