ევროპის 2021 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის მასპინძლები საქართველო (თბილისი), ჩეხეთი (პრაღა), გერმანია (კიოლნი) და იტალია (მილანი) იქნებიან. ეს, დღეს, გერმანიის ქალაქ მიუნხენში გამართულ ცერემონიაზე გახდა ცნობილი, სადაც ხსენებული ქვეყნების გარდა, მიზნისთვის ესტონეთი, უნგრეთი და სლოვენიაც იბრძოდნენ.
შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტის ერთბაშად ოთხ ქვეყანაში ჩატარება ფიბა-ევროპას მიერ დამკვიდრებული ბოლოდროინდელი ტრადიცია გახლავთ. 2015 წელს ტურნირს ხორვატიამ, გერმანიამ, საფრანგეთმა და ლატვიამ უმასპინძლეს, 2017-ში კი – ფინეთმა, ისრაელმა, რუმინეთმა და თურქეთმა.
ამჯერად, შეჯიბრის მიღების წინასწარი სურვილი ცამეტმა ქვეყანამ გამოთქვა, მოთხოვნების დაკმაყოფილება შვიდმა მოახერხა, საბოლოოდ კი, საუკეთესო ოთხეული შეირჩა.
საბედნიეროდ, დღეს რჩეულთა შორის საქართველოც მოხვდა, ამდენად, მალევე უკვე დაპროექტებული სპორტის სასახლის მშენებლობა დაიწყება, რომელიც 2021 წლის აგვისტოში ევრობასკეტის 5 მონაწილეს უმასპინძლებს.
ცხადია, მათ საქართველოს ნაკრები დაემატება და თბილისში ფინალური ეტაპის ერთ-ერთი ჯგუფის თამაშები ჩატარდება. ჯგუფის 6 მონაწილიდან 4 საუკეთესო პლეი ოფში გავა, დასკნით სტადიას კი სრულად გერმანიის ქალაქი ბერლინი მიიღებს.
ვთქვათ ისიც, რომ ევროპასკეტის მასპინძელი 4 ქვეყნის ნაკრები საკვალიფიკაციო მატჩებს არ ითამაშებს და ფინალურ ეტაპზე პირდაპირ დაიშვება.
ევროპის პირველობის წინასწარი ვადები ასეთია: 17 აგვისტო-3 სექტემბერი.
მიუნხენში გამართულ ევრობასკეტ 2021-ის მასპინძელთა დასახელების ცერემონიალს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული, ფიბა-ევროპის აღმასრულებელი საბჭოს წევრი და საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი გიორგი ქართველიშვილი, კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმერ ბოისა და ეროვნული ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია ესწრებოდნენ.
ფიბა-ევროპის პრეზიდენტმა საქართველო გერმანიისა და ჩეხეთის შემდეგ დაასახელა, რასაც ქართული დელეგაცია დიდი ემოციებით შეხვდა. თურგაი დემირელმა ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და მთლიანად საქართველოს ევრობასკეტის მასპინძლობა მიულოცა:
"ქალბატონო პრეზიდენტო, მსურს, მადლობა გადაგიხადოთ ჩამობრძანებისთვის და სრულიად საქართველოს მივულოცო ეს დიდი მიღწევა. წარმატებებს გისურვებთ ტურნირის მიმდინარეობისას, დარწმუნებული ვარ, ყველა პირობას შეასრულებთ. ასე რომ, მთელი ფიბა-ევროპის სახელით გილოცავთ!".