საქართველოს ჩემპიონი თბილისის „საბურთალო“ ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩს ტირასპოლის „შერიფის“ წინააღმდეგ ხვალ ჩაატარებს.
მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა თბილისელთა მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა, რომელმაც მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, „საბურთალო“ თავის სათამაშო სტილს არასდროს გადაუხვევს და შემტევ ფეხბურთს ითამაშებს.
„უფრო რთული თამაში იქნება, ვიდრე პირველი იყო და ამის შესახებ ფეხბურთელებმა იციან. ტრავმირებულ ფეხბურთელებს რაც შეეხება, ინტერს გი არის დაშავებული და ის ამ მატჩისთვის არ ემზადება.
თამაშის დასრულებისთანავე დავიწყეთ ამ კუთხით მუშაობა. რეალურად სამუშაოდ ოთხი დღე და იყო და ძალიან რთულია ასეთ დროში ახალი იდეების გატარება. ჩვენ ფისქოლოგიურად დიდი სამუშაო გავწიეთ, რომ არ ჰქონდეთ განცდა, დიდი ანგარიშით მოვიგეთ და ამის გამო მოვეშავთ.
ლევან ყენია ამ თამაშისთვის მზად არ არის ფუნქციონალურად. გუნდში არის, ვარჯიშობს, მაგრამ უბრალოდ სადღაც ერთი თვეა არ უვარჯიშია გუნდთან ერთად და ამიტომ დღეს მზად არ არის.
დღეს თამაშისწინა ბოლო ვარჯიში გვაქვს და ბევრი რაღაც გადაწყდება კონკრეტულად ამ ვარჯიშზე. თამაშმა გვანახა ის, რომ რადიკალური ცვლილებები საჭირო არაა. საქართველოს ჩემპიონატში გადატვირთული გრაფიკი გვაქვს და ამიტომ, როტაცია საჭიროა, მაგრამ ამ შემთხვევაში როდესაც კვირაში ერთი თამაში გვაქვს, ის ფეხბურთელები ითამაშებენ, რომლებიც კონკრეტული თამაშისთვის მზად იქნებიან.
ჩვენ გვაქვს ჩვენი თამაშის მოდელი და დიდი ანგარიშით დავმარცხდებით თუ მოვიგებთ, ამ სტილს არ გადავუხვევთ. ამიტომ, ვითამაშებთ იმ ფეხბურთს, რომელიც ვიცით. ვეცდებით ვითამაშოთ შემტევი ფეხბურთი, მაგრამ აქ მეორე ფაქტორიცაა მოგვცემს თუ არა მეტოქე ამის საშუალებას.
ტრანსფერები? რამდენიმე ფეხბურთელებთან არის მოლაპარაკებები, არიან უცხოელი ფეხბურთელები, თავისუფალი აგენტები და ამის მოსწრება შემდეგაც შეიძლება. მაგრამ ვფიქრობ, ამ ეტაპზე ფეხბურთელის დამატების აუცილებლობა არ გვაქვს და შეგვიძლია ამ კონტიგენტიტაც თამაში“, - თქვა ჭიაბრიშვილმა.
შეგახსენებთ, „საბურთალომ“ ერთი კვირის წინ ტირასპოლში 3:0 მოიგო, ხვალინდელი მატჩი კი 21:30 საათზე „მიხეილ მესხზე“ დაიწყება.