კალათბურთი

23:40 | 14.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველ 20-წლამდელთა მე-3 გამარჯვება ევროპის ჩემპიონატზე

საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის C ჯგუფში ზედიზედ მე-3 მატჩი მოიგო და ფაქტობრივად, პლეი ოფში თამაში გაინაღდა.

დღეს, მილოშ გლიგორიევიჩის, ირაკლი ძიძიგურისა და ჯაბა ბაქრაძის შეგირდების მეტოქე შვედეთი გახლდათ, რომელიც ჩვენებურთა ერთ-ერთ უმთავრეს მეტოქედ მიიჩნეოდა. ქართველმა ჭაბუკებმა 73:64 მოიგეს და ჯგუფში ერთადერთ ნაკრებად რჩებიან, რომელსაც მარცხის სიმწარე არ შეუგრძვნია.
გასულ მატჩში ყველაზე შედეგიანი რატი ანდრონიკაშვილი იყო, რომელმაც 34:12 წუთში 20 ქულა, 10 მოხსნა, 7 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა და სამმაგ დუბლამდე ცორა დააკლდა. ლუკა მაზიაშვილმა 10 ქულას 4 მოხსნა და 5 პასი წაამატა, ნიკოლოზ მეცხვარიაშვილმა 8 ქულა და 7 მოხსბა მოაგროვა, ცოტნე ცარციძემ კი – 8 ქულა და 6 მოხსნა.
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს 15 ივლისს დასვენების დღე ექნება, 16-ში კოსოვოსთან მატჩია და გასული შედეგებიდან გამომდინარე, კიდევ ერთი მოგება არ უნდა გაუჭირდეს, 17-ში კი, ჯგუფურ ეტაპს ესტონეთთან შეხვედრით დაასრულებს.
შეგახსენებთ, რომ ტურნირის ფორმატიდან გამომდინარე, პლეი-ოფში 4 ჯგუფის ორ-ორი საუკეთესო გავა. C ჯგუფის ლიდერები მეოთხედფინალში D ჯგუფის პირველ-მეორეადგილოსნებს ჯვარედინი პრინციპით გაეჯიბრებიან. დიდი ალბათობით, იმ ჯგუფიდან პლეი-ოფში მასპინძელი პორტუგალია და ბელგია მოხვდებიან.

0.114588