სხვა

14:00 | 14.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

გაგამარუს ურთულესი მისია

მას შემდეგ, რაც ქართველი სეკიტორი ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი ტრავმის გამო ნაგოიას ბაშოს გამოეთიშა, ქართველი ქომაგის ყურადღება რანგით მე-2 დივიზიონ ჯურიოსკენ გახლავთ მიპყრობილი, სადაც გაგამარუს შიკონათი თეიმურაზ ჯუღელი ირჯება, თუმცა, იქიდანაც ცუდი ამბები მოდის.

ივლისის საზაფხულო სუპერტურნირზე 14 ივლისი შუალედური დღე (ნაკაბი) გახლდათ, რომელმაც ქართველი გოლიათისთვის წარუმატებლად ჩაიარა. გაგამარუს აქტივში კვლავაც ერთადერთი გამარჯვებაა, მე-7 მარცხი (შიტატენაგე) კი დასავლეთის მე-5 ნომერ სოკოკურაისთან განიცადა.
შეგახსენებთ, რომ ქართველი სუმოისტი ნაგოიას ბაშოს დასავლეთის მე-2 რეიტინგით შეხვდა და წარმატებული გარჯის შემთხვევაში, ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში აღზევების შანსიც ჰქონდა, თუმცა, დღევანდელი გადასახედიდან მინიმალური დადებითი ბალანსის (კაჩი-კოში) დაფიქსირებაც კი უდიდესი გმირობა იქნება.
ტურნირის ფორმატიდან გამომდინარე, გაგამარუს დარჩენილი შვიდივე ორთაბრძოლის მოგება სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, წოდებაში დაქვეითება არ ასცდება. ჩვენებურის მომდევნო მოწინააღმდეგე დასავლეთის მე-7 ნომერი დაიშომარუ იქნება, რომელსაც ურთიერთშეხვედრებში 5:3-ს უგებს.
ვთქვათ ისიც, რომ მაკუუჩიში წაუგებელ სვლას განაგრძობენ მონღოლი იოკოძუნები – ჰაკუჰო და კაკურიუ, მათ კვალში კი ოძეკი ტაკაიასუ დგას 7 მოგებით. სავარაუდოა, რომ “იმპერატორის თასი” სწორედ ამ სამეულში გათამაშდება.

0.113755