ისტორია

9:45 | 14.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

14 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1984 - დაიბადა მამუკა გორგოძე. საქართველოს ეროვნული ნაკრების, “ლელოს”, “მონპელიეს” და "ტულონის" მორკინალი. 2004 წლის საქართველოს ჩემპიონი და 2011, 2016 წლების საფრანგეთის Top 14-ის ფინალისტი. საქართველოს ხუთგზის საუკეთესო მორაგბე და 2011 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი. საფრანგეთის Top 14-ის საუკეთესო ლეგიონერი და “მიდი ოლიმპიკის” ოსკარის მფლობელი. 2007, 2011, 2015 წლების მსოფლიო თასის მონაწილე. ეროვნულ გუნდში მისი დებიუტი 2003 წელს, 18 წლის ასაკში შედგა და დღემდე ჩატარებულ 66 მატჩში გაიტანა 26 ლელო. მამუკა ეროვნულ გუნდში საუკეთესო მელელოვეთა შორის ლიდერია. სამჯერ ითამაშა ბარბაროსების (1 ლელო) რიგებში და ერთხელ მსოფლიო ნაკრებში.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1884 - ლვოვში ახალაშენებულ სტადიონზე, რომელიც 7 ათას მაყურებელს იტევდა, პირველი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარეს უკრაინულმა და პოლონურმა საფეხბურთო კლუბებმა. შეხვედრის ჩასატარებლად დასავლეთუკრაინულ ლვოვს კრაკოვის გუნდი ეწვია. იმ დროისთვის ორივე ქალაქი გალისიის შემადგენლობაში იყო, ეს პროვინციალ კი თავის მხრივ ავსტრო-უნგრეთის იმპერიის შემადგენელი ნაწილი იყო. ლვოვისა და კრაკოვის საფეხბურთო გუნდების მატჩი დიდი სპორტული ღონისძიების შემადგენელი ნაწილი იყო, შეხვედრა კი უჩვეულო რეგლამენტით ჩატარდა – მეტოქენი შეთანხმდნენ ორთაბრძოლა პირველ გატანილ გოლამდე გაეგრძელებინათ. ამის გამო ასპარეზობა მხოლოდ შვიდი წუთი გაგრძელდა: ლვოველებმა გოლი გაიტანეს და გამარჯვებულებადაც გამოცხადნენ.

1912 - ინგლისელმა სტაიერმა კენეტ მაკარტურმა, სტოკჰოლმის ოლიმპიური თამაშების მარათონული გარბენი მსოფლიოს რეკორდით მოიგო (2:36:54.8).

1912 - რუსეთის საფეხბურთო ნაკრებმა პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა. იმ დღეს რუსებს უნგრელებმა 12:0 მოუგეს.

1930 - ურუგვაის მსოფლიოს პირველი ჩემპიონატი ფეხბურთში. ჯგუფური ეტაპი: ბრაზილია-იუგოსლავია 1:2; პერუ-რუმინეთი 1:3.

1930 - მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატებზე მოთამაშის მინდვრიდან გაძევების პირველი შემთხვევა აღინიშნა. რუმინეთისა და პერუს მატჩის 54-ე წუთზე სამხრეთამერიკელი პლასიდო გალინდო გააძევეს, რომელმაც რუმინელ ფეხბურთელს ფეხი მოტეხა. ამავე დღეს იუგოსლავიისა და ბრაზილიის ნაკრებთა შეხვედრაში რეკორდი დამყარდა, რომელიც ჯერჯერობით ვერც ერთმა ეროვნულმა ნაკრებმა ვერ გააუმჯობესა. იუგოსლავიის ნაკრების ფეხბურთელთა საშუალო ასაკი 21 წელი და 258 დღე იყო. ეს მუნდიალების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდული გუნდია.

1951 - სპორტული სანახაობა პირველად გადაიცა ტელევიზიის ფერადი გამოსახულებით. ამ დღეს აშშ-ში საცხენოსნო შეჯიბრების ტელეტრანსლაცია შედგა.

1957 - თბილისის “დინამომ” საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში, ბირმის ნაკრებს 5:4 მოუგო. მატჩი ბირმის დედაქალაქ რანგუნში ჩატარდა. ქართველთაგან გოლები ბადრი ხასაიამ (2), ავთანდილ ჭკუასელმა, ვლადიმერ ბარქაიამ და ალექსანდრე კოტრიკაძემ გაიტანეს. “დინამო”: პირაევი, ელოშვილი, ძიაპშიპა, რამიშვილი, კოტრიკაძე, იამანიძე, ხასაია, ღოღობერიძე, ჭკუასელი (კალოევი), ბარქაია, მესხი (გაგნიძე).

1969 - სალვადორსა და ჰონდურასს შორის “საფეხბურთო ომი” დაიწყო. სალვადორის სახმელეთო არმია მეზობელ სახემწიფოში შეიჭრა. საომარ მოქმედებას 1000 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ომის მიზეზი კი, ამ ქვეყნების ნაკრებთა 1970 წლის მექსიკის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში მომხდარი არეულობა და სალვადორელთა განაწყენება გახლდათ.

1974 - “ლივერპულის” მთავარმწვრთნელობიდან გუნდის ლეგენდარული მწვრთნელი ბილ შენკლი გადადგა. იმავე დღეს მერსისაიდელებმა ჩრდილოლონდონური “არსენალიდან” 180 ათას გირვანქად ნახევარმცველი რეი კენედი იყიდეს.

1984 - გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საფეხბურთო ნაკრების მთავარმწვრთნელობიდან იუპ დერვალი გადააყენეს (მან ბუნდესნაკრებს ევროპის 1980 წლის ჩემპიონატი მოაგებინა) დამ ის ნაცვლად ფრანც ბეკენბაუერი დაინიშნა.

2005 - საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველი პატრიკ ვიეირა ლონდონის “არსენალიდან” ტურინის “იუვენტუსში” გადავიდა.

2005 - აქტიური სპორტული კარიერა დაასრულა ლეგენდარულმა სერბმა კალათბურთელმა ვლადე დივაცმა.

2005 - Uუეფა-ს თასის გათამაშების მატჩებში, თბილისის “ლოკომოტივმა” სტუმრად 3:2 (ქართველები მატჩის მსვლელობისას 3:0-ს იგებდნენ) დაამარცხა სომხური “ბანანცი”, ხოლო ქუთაისის “ტორპედომ” ბელარუსულ “ბატესთან” 0:1 წააგო.

2006 - 20 წლამდე ასაკის კალათბურთელ ვაჟთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის B დივიზიონში, საქართველოს ნაკრები ფინეთის გუნდთან დამარცხდა (81:87). მატჩი ლისაბონში ჩატარდა.

2006 - იტალიურ ფეხბურთში აგორებული სკანდალის (“კალჩოპოლი”) გამო ქვეყნის ოთხი წამყვანი კლუბი მკაცრად დაისაჯა. ტურინის “იუვენტუსს” 2005 და 2006 წლებში მოპოვებული სკუდეტო ჩამოართვეს, სერია B-ში დააქვეითეს და ახალი სეზონის წინ 30 ქულა დააკლეს. “ფიორენტინა” ასევე დაბალ დივიზიონში დააქვეითეს და 12 ქულა დააკლეს. “ლაციოც” სერია B-ში დააქვეითეს და წინასასეზონოდ 7 ქულა დააკლეს. “მილანს” მორის პირველობაში ჩართვა კი მინუს 15 ქულით განუსაზღვრეს. მოგვიანებით, კლუბებმა განაჩენი სასამართლოში გაასაჩივრეს, რის შემდეგაც ფლორენციელები და რომაელები უძლიერესთა დივიზიონში დატოვეს, “იუვენტუსს” კი საჯარიმო ქულები გაუნახევრეს.

2007 - ვენესუელაში მიმდინარე კოპა ამერიკაზე მესამე ადგილისთვის მატჩი ჩატარდა. კარაკასში, მექსიკამ ურუგვაის 3:1 მოუგო.

2007 - 37 წლის თემურ ქეცბაია საფეხბურთო მოედანს ოფიციალურად გამოეთხოვა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშის დიდი სპორტიდან გაცილების ცერემონიალი კვიპროსში შედგა, სადაც გამართულ ამხანაგურ მატჩში, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენელ 50-დე ფეხბურთელთან ერთად, ქართველებმა, სოსო ჭედიამ, მურთაზ შელიამ, კახა ცხადაძემ, გოჩა ჯამარაულმა, გიორგი ქინქლაძემ, გიორგი ნემსაძემ, რეზო და არჩილ არველაძეებმა და რა თქმა უნდა თავად ქეცბაიამაც იასპარეზეს. აქტიური ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ, თემურ ქეცბაიამ “ანორთოსისის” მთავარ მწვრთნელად გააგრძელა მუშაობა, იყო პირეოსის “ოლიმპიაკოსის” და საქართველოს ეროვნული ნაკრების დამრიგებელი.

2009 - მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ველორბოლის “ტურ დე ფრანსის” მსვლელობისას ბრიტანელმა მარკ კავენდიშმა მესამე ეტაპი მოიგო. ამჯერად მან ლიმოჟსა და ისოდუნს შორის 193 კმ (რიგით მეათე ეტაპი) ყველაზე სწრაფად დაფარა.

2010- ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში რუსთავის “ოლიმპი” ყაზახეთში იქაურ “აკტობესთან” 0:2 დამარცხდა.

2010 - საქართველოს რაგბის კავშირმა ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელად შოტლანდიელი რიჩი დიქსონი დანიშნა.

2010 - მილანის “ინტერის” მთავარი მწვრთნელი ესპანელი სპეციალისტი რაფაელ ბენიტესი გახდა.

2011 - ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში რუსთავის “მეტალურგი” ყაზახეთის პავლოდარის “ირტიშს” 1:1 დაუზავდა, “გაგრამ” გასვლაზე კვიპროსში “ანორთოსისთან” 0:3 დამარცხდა, თბილისის “დინამომ” კი უელსში “ლანელისთან” 1:2 წააგო.

ამ დღეს დაიბადნენ

1884 - ჩარლზ მელდრამ დენიელსი. ამერიკელი მოცურავე. 1904 და 1908 წლების ოლიმპიური ჩემპიონი.

1929 - სოფია მურატოვა. სპორტულ ტანვარჯიშში 1956 და 1960 წლების ოლიმპიური ჩემპიონი (გუნდური). 1958 და 1962 წლებში მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული (გუნდური). საბჭოთა კავშირის ხუთგზის აბსოლუტური ჩემპიონი (1954, 1955, 1957, 1960, 1963).

1932 - ანატოლი ისაევი. საბჭოთა კავშირის ნაკრებისა და მოსკოვის “სპარტაკის” ფორვარდი. მელბურნის 1956 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. საკავშირო პირველობების ორგზის გამარჯვებული და თასის მფლობელი.

1945 - პაბლო ფორლანი. 1966-76 წლებში ურუგვაის ნაკრების მცველი. 1967 წელს გახდა სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი. მსოფლიოს 1966 და 1974 წლების ჩემპიონატების მონაწილე. ურუგვაის ნაკრებში ჩაატარა 17 მატჩი. მონტევიდეოს “პენიაროლის” შემადგენლობაში 1966 წლის ლიბერტადორესისა და საკონტინენტთაშორისო თასების მფლობელი. ურუგვაის შვიდგზის ჩემპიონი (“პენიაროლის” და “დეფენსორის” რიგებში) “კრუზეიროს” რიგებში სამჯერ გახდა ბრაზილიის სან პაულუს შტატის ჩემპიონი. პაბლო ფორლანი “ინდეპენდიენტეს”, “მანჩესტერის”, “ვილიარეალისა” და “ატლეტიკოს” ფორვარდის, მუნდიალ 2010-ის საუკეთესო ფეხბურთელის დიეგო ფორლანის მამაა.

1955 - შანდორ პული. ფიფას უნგრელი არბიტრი. სჯიდა მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატისა და 1997 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ორთაბრძოლებს. მოემსახურა 1993 წლის უეფას თასის ფინალსაც. სჯიდა ორ მუნდიალზე. 1994, 1995, 1996 და 1997 წლებში დაასახელეს პლანეტის საუკეთესო საფეხბურთო მსაჯად. უნგრეთში ექვსჯერ აღიარეს წლის საუკეთესო არბიტრად. მუშაობდა ავეჯის მაღაზიის დირექტორად.

1958 - ერიკ ჰაიდენი. ლეგენდარული ამერიკელი ველოსიპედისტი და მოციგურავე. მოგებული აქვს ზაფხულისა (1984) და ზამთრის (1980) ოლიმპიადები.

1968 - მარკ ლენცი. ამერიკელი წყალში მხტომელი. 3 მეტრის სიმაღლის ტრამპლინიდან წყალში ხტომაში 1992 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1973 - კირონ პერკინსი. ავსტრალიელი მოცურავე. 1500 მეტრზე ცურვაში 1992 და 1996 წლების ოლიმპიური ჩემპიონი.

1974 - ერიკ დემპიე. “გოლდენ სთეით უორიორზის” და “დალას მავერიკსის” მეფარე (211 სმ).

1974 - როჟე გრიმაო. ესპანეთის ნაკრებისა და “ბარსელონას” საკალათბურთო გუნდის გამთამაშებელი-მსროლელი (194 სმ). ევროპის 2003 წლის პირველობის ფინალისტი. 2001 წელს გახდა ხმელთაშუაზღვის თამაშების ჩემპიონი. ესპანეთის ორგზის ჩემპიონი (2004, 2009).

1984 - ოთარ მარცვალაძე. საქართველოს ნაკრების, “ვიტ ჯორჯიას”, კიევის “დინამოს”, “ზაკარპატიეს”, მახაჭყალის “ანჟის”, ნიჯნი ნოვგოროდის “ვოლგას”, “კრასნოდარის”, ხაბაროვსკის “სკა-ენერგიას”, გორის "დილას" ფორვარდი. საქართველოს ნაკრებში ჩაატარა 20 მატჩი, გაიტანა 2 გოლი.

1984 - დაიბადა მამუკა გორგოძე. საქართველოს ეროვნული ნაკრების, “ლელოს”, “მონპელიეს” და "ტულონის" მორკინალი. 2004 წლის საქართველოს ჩემპიონი და 2011, 2016 წლების საფრანგეთის Top 14-ის ფინალისტი. საქართველოს ხუთგზის საუკეთესო მორაგბე და 2011 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი. საფრანგეთის Top 14-ის საუკეთესო ლეგიონერი და “მიდი ოლიმპიკის” ოსკარის მფლობელი. 2007, 2011, 2015 წლების მსოფლიო თასის მონაწილე. ეროვნულ გუნდში მისი დებიუტი 2003 წელს, 18 წლის ასაკში შედგა და დღემდე ჩატარებულ 66 მატჩში გაიტანა 26 ლელო. მამუკა ეროვნულ გუნდში საუკეთესო მელელოვეთა შორის ლიდერია. სამჯერ ითამაშა ბარბაროსების (1 ლელო) რიგებში და ერთხელ მსოფლიო ნაკრებში.

0.114461