სხვა

0:33 | 13.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

კახი კახიაშვილი 50 წლისაა!

შტრიხები ბიოგრაფიიდან: დაიბადა 1969 წლის 13 ივლისს ცხინვალში. ძალოსანი (90, 94, 99 კგ). XXV, XXVI და XXVII ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი (1995, 98, 99) და ორგზის მეორე პრიზიორი (1993, 94), ევროპის ოთხგზის ჩემპიონი (1992, 93, 95, 96), მეორე (1994) და მესამე (1998) ევროპის სუპერთასის მფლობელი (1993) და მსოფლიოს სუპერთასის გათამაშების ორგზის მეორე პრიზიორი (1992, 94). ორჭიდში დამყარებული აქვს მსოფლიო რეკორდი: 420 კგ (99 კგ კატეგორიაში, 1996); ატაცში-ორი მსოფლიო რეკორდი: 185,5 კგ (91 კგ კატეგორიაში, 1994) და 188 კგ (94 კგ კატეგორიაში, 1999); აკვრაში - სამი: 227,5 კგ (91 კგ კატეგორიაში, 1995), 228,5 კგ (91 კგ კატეგორიაში, 1995) და 235 კგ (99 კგ კატეგორიაში, 1996). სპორტის დამსახურებული ოსტატი, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენისა და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენების კავალერი. 1994 წლიდან გამოდიოდა საბერძნეთის სახელით. 2005 წელს აღიდგინა საქართველოს მოქალაქეობა. მსოფლიო ძალოსნობის დიდების დარბაზის წევრი, საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი.

საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, სპორტის მილიონობით მოყვარულთათვის კარგად არის ცნობილი ქართველი ძალოსნის ფენომენალური მიღწევების შესახებ. დედამიწის ზურგზე სულ რამდენიმე სპორტსმენი თუ მოიძებნება, რომელთა კარიერა ასეთი წარმატებული ყოფილა. კახი კახიაშვილი დიდი ჩემპიონი და რეკორდსმენია და არა მხოლოდ ძალოსანთა შორის. ოლიმპიური თამაშების სამგზის ჩემპიონს, არაერთი მსოფლიო და ევროპული ტიტულის მფლობელს, მისდა უნებურად, რეკორდები ძალოსნურ ფიცარნაგის მიღმაც დაუმყარებია. კახიაშვილი ერთადერთი სპორტსმენია მსოფლიოში, რომელიც სხვადასხვა დროს ოთხი სხვადასხვა ქვეყნის სახელით გამოდიოდა.

პირველი დიდი ოლიმპიური გამარჯვება, რა თქმა უნდა, მის სამშობლოს - საქართველოს უკავშირდება. დავით ხახალეიშვილთან და ლერი ხაბელოვთან ერთად, კახიაშვილი იყო ის ქართველი სპორტსმენი, რომლის გამარჯვების აღსანიშნავად ოლიმპიურ თამაშებზე პირველად აჟღერდა საქართველოს ჰიმნი და აღიმართა ჩვენი ქვეყნის დროშა. ეს ამბავი მოხდა ბარსელონაში, 1992 წლის 1 აგვისტოს. მანამდელ შეჯიბრებებში არაერთხელ გამოჩნდა, რომ ალღოიანი ცხინვალელი მწვრთნელის, ვანო გრიქუროვის ნიჭიერი მოწაფე კახი კახიაშვილი მზად იყო ოლიმპიური სიმაღლის დასაძლევად.

ბარსელონაში ოქროს მედალს ორი მთავარი პრეტენდენტი ჰყავდა - კახიაშვილი და რუსი სერგეი სირცოვი. მაშინდელი პოლიტიკური ვითარების გამო, ორივენი ეგრეთწოდებულ გაერთიანებულ გუნდში გამოდიოდნენ. ოლიმპიადისწინა მსოფლიოს ჩემპიონატი სირცოვმა მოიგო, მაგრამ დსთ-ს ღია პირველობაზე მას კახიაშვილმა აჯობა. დანარჩენი ბარსელონის ოლიმპიურ ფიცარნაგზე უნდა გადაწყვეტილიყო. პირველი დისციპლინის - ატაცის შემდეგ სირცოვი 12,5 კილოგრამით დაწინაურდა: კახიაშვილმა 177,5 კგ აიტაცა, მისმა მთავარმა მეტოქემ - 190 (ოლიმპიური რეკორდი). აკვრაში როლები შეიცვალა და ახლა უკვე კახის ჯერი დადგა. სირცოვმა სულ 222,5 კგ სიმძიმის შტანგა დაძლია და ორჭიდის ჯამში 412,5 კგ დაუგროვდა. კახიმ ბუმბულივით აიღო ჯერ 220, მერე კი - 225 კილოგრამი, მაგრამ მეტოქესთან გასათანაბრებლად შტანგა კიდევ 10 კილოთი უნდა დაემძიმებინა. ბოლო ცდაზე, ძალების უკიდურესი მობილიზების ფასად, კახიმ სარეკორდო წონაც დაიმორჩილა და ოქროს მედალიც მას ერგო.

ასე დაიწყო ლეგენდარული კახი კახიაშვილის დიდი ოლიმპიური გზა. ის მთელი 10 წლის განმავლობაში მსოფლიო ძალოსნობის სწორუპოვარი ლიდერი იყო და, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ზედიზედ იმარჯვებდა სპორტული სეზონის უმთავრეს ტურნირებზე. ის იყო ყველასათვის მისაბაძი და სამაგალითო სპორტსმენი, თავისი საქმის აღიარებული პროფესიონალი.

სამაგალითოა კახი კახიაშვილის შემდგომი საქმიანობა, რომელიც ასევე სპორტს და ძალოსნობას უკავშირდება. საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე მუშაობისას, მან თავი გამოიჩინა, როგორც უნარიანმა, პრინციპულმა და ინიციატივიანმა ხელმძღვანელმა, რომელმაც რამდენიმე წელიწადში მოახერხა ქართული ძალოსნობა ახალ სიმაღლეზე აეყვანა. ამის დასტურია ქვეყნის რეგიონებში გახსნილი ძალოსნობის ათეულობით დარბაზი, ათჯერ და მეტჯერ გაზრდილი მომეცადინეთა რიცხვი, ევროპულ და მსოფლიო სარბიელზე მოპოვებული რეკორდული შედეგები, საქართველოში წარმატებით ჩატარებული დიდი საერთაშორისო შეჯიბრებები.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ულოცავს კახი კახიაშვილს ნახევასაუკუნოვან იუბილეს, უსურვებს მას ჯანმრთელობას და ახალ წარმატებებს.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

0.116621