ოთხშაბათს, რესტორან ბიარ თაიმში, გაზეთ „სარბიელის“ მიერ მოწყობილი გამოკითხვის შედეგად, საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად ბელგიური „გენტის“ მოთამაშე, გიორგი ჩაკვეტაძე გამოცხადდა.
აი, რას წერს თავად „სარბიელი“: „ტრადიციული, რიგით მე-18 გამოკითხვის შედეგების გამოცხადება წლეულს უჩვეულოდ გვიან, ახლაღა გვიხდება, თუმც მიზეზიც ობიექტურია – გამარჯვებული საქართველოში არ იმყოფებოდა…
შარშანდელივით, წლეულსაც ჩვენი პარტნიორი კომპანია „ლიდერბეთი“ გახლავთ, ლიდერი კომპანია ინტერნეტსივრცეში.
შეგახსენებთ, „სარბიელის“ გამოკითხვა, რომელშიც სპორტული ჟურნალისტები მონაწილეობენ და რომლის მიზანიც სეზონის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელის გამოვლენა გახლავთ, შარშან, „სარბიელთან“ ერთად 10-წლიანი პაუზის შემდეგ აღვდგინეთ.
„სარბიელისა“ და „ლიდერბეთის“ წლევანდელ გამოკითხვაში 79 სპორტული ჟურნალისტი მონაწილეობდა. მათ დაასახელეს 2018-2019 წლების სეზონის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი.
ჟურნალისტები თავიანთ რჩეულს მაისში, ანუ სეზონის ბოლოს პირველი, მეორე, მესამეს პრინციპით ასახელებენ. ყოფილა და ამჯერადაც არის შემთხვევა, როცა კოლეგამ ნომინანტთა შორის ერთი ფეხბურთელი დაასახელა. ქულების დარიცხვის სისტემა მარტივია – პირველ ნომრად დასახელებული კანდიდატს ენიჭება 3 ქულა, მეორეს – 2, მესამე – 1. ქულები ჯამდება, შედეგები კი საჯარო ხდება.
მთავარ სათქმელსაც მივადექით: ხმების აბსოლუტური უმრავლესობით გაიმარჯვა საქართველოს ნაკრებისა და ბელგიური „გენტის“ შემტევმა გიორგი ჩაკვეტაძემ, ვინც ჯამში 216 ხმა მოაგროვა. მას 79 დან 68-მა ჟურნალისტმა მიანიჭა პირველი ადგილი.
მეორე, წინა გამოკითხვის გამარჯვებული, საქართველოს 2017-2018 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, მოსკოვის „ლოკომოტივის“ მცველი საბა კვირკველია გახლავთ;
ხოლო მესამე ადგილი მედიამ საქართველოს ნაკრების კაპიტანსა და ყაზახური „ტობოლის“ ნახევამცველ ჯაბა კანკავას არგუნა.
კლუბის რა გითხრათ, აი, ეროვნულ გუნდში კი 19 წლის გიორგი ჩაკვეტაძეს არც ბადალი ჰყავდა, არც ისეთი მეტოქე, ტოლ-სწორად დახვედროდა. უდაოა, ერთა ლიგის D, ანუ ჩვენი ჯგუფი გიორგი ჩაკვეტაძის გახლდათ. სწორედ ის იყო საქართველოს ნაკრების ლიდერი, მთავარი ფეხბურთელი, მეგოლე, სული, გული და კიდევ რაც გენებოთ… ჩაკვეტაძე არის ზოგადად ერთა ლიგის გათამაშებაში პირველი გოლის გამტანი და ჩაკვეტაძე არის ის ფეხბურთელი, ვინც მნიშვნელოვანწილად განაპირობა კიდეც ჩვენი გუნდის ერთა ლიგის ფლეი ოფში გასვლა. არჩევანისას კი ჩვენი კოლეგების აბსოლუტურმა უმრავლესობამ სწორედ ეროვნულ გუნდში თამაშის ხარისხით იხელმძღვანელა…
გიორგი ჩაკვეტაძე 2018-2019 წლების სეზონის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელია, რაც თავისთავად ძალიან ბევრს ნიშნავს და მით უმეტეს, 19 წლის ჭაბუკისთვის… აწი მან იცის და მისმა ბიჭობამ.
ნომინანტთა შორის სულ 24 ფეხბურთელია, მათგან მხოლოდ ექვსი თამაშობს ეროვნულ ლიგაში – ქუთაისის „ტორპედოს“ მეკარე როინ კვასხვაძე და ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე, ბათუმის „დინამოს“ მეკარე მიხეილ ალავიძე, „საბურთალოს“ შემტევები – ლაშა შინდაგორიძე და გიორგი გაბედავა და თბილისის „დინამოს“ თავდამსხმელი ლევან კუტალია.“
„სარბიელი“