ფეხბურთი

4:29 | 11.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფელის ვისენტე: "თამაშიდან თამაშამდე უნდა ვიფიქროთ"

„დინამო თბილისი“ ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს დღეს თბილისში, ანდორული „ენგორდანის“ წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა დინამოელთა მთავარმა მწვრთნელმა ფელის ვისენტემ.

ესპანელი სპეციალისტის განცხადებით, მეტოქე თბილისში იმედიანად ჩამოვიდა და „დინამომ“ ეს იმედი უნდა გაუქროს. ვისენტემ ხაზი გაუსვა იმას, რომ მისმა გუნდმა ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა იაროს და თამაშიდან თამაშამდე იფიქროს.

„უპირველეს ყოვილა მოგახსენებთ, რომ ძალიან იმედიანად და დადებითად ვართ განწყობილნი და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეთ. ტრავმირებული ფეხბურთელები არ გვყავს, ყველა შესანიშნავ მდგომარეობაშია.

მეტოქისადმი დიდი პატივისცემით ვართ განწყობილნი და შესაბამისად, ამ ეტაპზე მხოლოდ „ენგორდანზე“ ვფიქრობთ და არა შემდეგ მეტოქეზე. ძალიან დიდი იმედი გვაქვს და ვეცდებით, რომ გოლი არ გავუშვათ. მთავარი ჩვენი ამოცანა ამ ეტაპზე ეს თამაშია და ჯერჯერობით არ ვფიქრობთ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე.

როგორც უკვე გითხარით, ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და შესაბამისად მზადაა თამაშისთვის, თუმცა ახლა არ გეტყვით იმ მოთამაშეების გვარებს, რომლებიც მოედანზე გავლენ, რადგან ეს ნიშნავს, რომ მეტოქეს პატარა პრივილეგიას მივცემთ.

მიზანი? მხოლოდ ეტაპობრივად შეგვიძლია ვიფიქროთ. ხვალინდელი მატჩის შემდეგ შეგვეძლება ვიფიქროთ შემდეგ მატჩზე და ასე ნაბიჯ-ნაბიჯ კონკრეტულ შეხვედრებზე ვიფიქრებთ.

„ენგორდანი“ აქ ძალიან დიდი იმედით ჩამოვიდა და მეტოქისთვის მნიშვნელოვანია, რომ „დინამოს“ მსგავს ისტორიულ გუნდს ეთამაშება. მათი მთავარი უპირატესობა ალბათ ისაა, რომ რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი ჰყავთ, მაგრამ ყველაზე დიდი ძალა ალბათ ის იმედია, რომელიც აქვთ და ჩვენ ვეცდებით, ეს იმედი დავუმსხრიოთ“, - განაცხადა ვისენტემ.

შეგახსენებთ, „დინამოსა“ და „ენგორდანის“ შეხვედრა დღეს, 21:00 საათზე, „დინამო არენაზე“ გაიმართება.

0.116936