ქართველი სოფო შაფათავასა და ბრიტანელი ემილი ვებლი-სმითის წყვილმა ფრანგულ კონტრექსვილში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 100 ათასი დოლარი) ნახევარფინალში გააღწია.
დღეს, შაფათავა და ვებლი-სმითი რუსებს – სოფია ლანსერესა და კამილა რახიმოვას გაეჯიბრნენ და 4:6, 6:4, 10:5 იმარჯვეს.
თუ ვინ იქნებიან სოფოსა და ემილის მეტოქეები ნახევარფინალში, ხვალ გამოჩნდება, როდესაც ოქსანა კალაშნიკოვა და ესპანელი ხეორხინა გარსია-პერეზი გერმანელ ტამარა კოპრაჩსა და ლატვიელ დიანა მარცინკევიჩას ეთამაშებიან.
ტუნისურ ტაბარკაში მიმდინარე 15-ათასიან ტურნირს პირველივე წრეში გამოეთიშა ზოზია ქარდავა. ქართველი ჩოგბურთელი პირველ ნომრად განთესილ ჩეხ ანა სისკოვასთან 6:3, 2:6, 0:6 დამარცხდა.
გერმანულ მარბურგში, ასევე 15-ათასიან შეჯიბრზე, წყვილთა თანრიგის საწყისი რაუნდი დასძლიეს ალექსანდრე მეტრეველმა და ტუნა ალტუნამ.
ქართველმა და თურქმა ჩოგბურთელებმა მე-4 ნომრად განთესილ ჰოლანდიურ დუეტს (დე იონგი-ნიიბოერი) 7:6 (7:5), 2:6, 10:8 სძლიეს და მეოთხედფინალში ავსტრალიელებს (ბოსნიაკი-დელავედოვა) გაეჯიბრებიან.