ფეხბურთი

22:58 | 10.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალო" BOOM! საქართველოს ჩემპიონის დაუვიწყარი ნათლობა ევროპაში (+VIDEO)

„ჩვენ აქეთკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მოვდიოდით და ახლა დადგა დრო, რომ ევროპაშიც მოვსინჯოთ ძალები. ეს ისტორიული დღეა და ვეცდებით წარმატებას მივაღწიოთ. ფრეც არ იქნება ურიგო შედეგი, მაგრამ მერწმუნეთ, „საბურთალო“ მოედანზე ყოველთვის“ გამარჯვებისთვის გადის და ასე იქნება ხვალაც“, - ეს სიტყვები გუშინ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გიორგი ჭიაბრიშვილმა წარმოთქვა.

„საბურთალო“ გავიდა „შერიფ არენაზე“ მოსაგებად, ითამაშა ჩინებული ფეხბურთი და ევროპაში დაუვიწყარი დებიუტი, „ნათლობა“ გამოუვიდა.

დებიუტი, რომელიც სამუდამოდ დაიკავებს ადგილს კლუბისა და ქართული ფეხბურთის ისტორიაში, რადგან „საბურთალომ“ ევროასპარეზს გაშინაურებული „შერიფი“ მისსავე მოედანზე გააცამტვერა. დიახ, არ ვაჭარბებთ, რადგან ანგარიში ყველაფერზე მეტყველებს და მეტიც, შეიძლებოდა სხვაობა კიდევ უფრო სოლიდური ყოფილიყო.

თითქოს, "შერიფი" ფავორიტი იყო, ბევრი მიზეზის გამო, მასპინძლობა, გამოცდილება, ფინანსური შესაძლებლობები - თუმცა, ფეხბურთის თამაში "საბურთალოს" უკეთ შეუძლია და უკეთ ითამაშა კიდეც. თვალშისაცემი იყო გუნდის თავდაჯერება, რამაც საბოლოოდ დიდებულ შედეგამდე მიიყვანა.

30-ე წუთზე ვაგნერმა ნიკოლოზ მალი მოძებნა, რომლის ჩაწოდების შემდეგ ოგნიენ როლოვიჩმა მეორე სართულზე უბადლოდ ითამაშა. მონტენეგროელმა საკმაოდ რთული პოზიციიდან საოცარი სიზუსტით დაარტყა და ანგარიშიც გაიხსნა. გოლს თამაშის სცენარი არ შეუცვლია - საქართველოს ჩემპიონმა დომინანტობა გააგრძელა და სულ მალე მეორე გოლთან ძალიან ახლოს იყო. საჯარიმოში შექმნილი არეულობით გიორგი დიასამიძე სარგებლობდა, მაგრამ ძელი მოლდოველებს მხსნელად მოევლინათ და ანგარიში უცვლელი დარჩა.

მეორე ნახევარში "საბურთალო" კიდევ უფრო უშეცდომო და ცივსისხლიანი გუნდი გახდა. მოლოდველთა უნიათო შეტევებს კი ქართველები ადვილად უმკლავდებოდნენ. 67-ე წუთზე კი სხვაობა გაიზარდა. უბრალოდ ბრავო გიორგი კოხრეიძეს - ეს იყო BOOM! გასროლა 30 მეტრიდან, რომელიც მიკულიჩის კარის ცხრიანში ლამაზად შევარდა და მშვენიერი თამაში კიდევ უფრო გაალამაზა. შეიძლება ითქვას, ეს იყო ტორტზე ალუბალი!

4 წუთში კი სტუმრებმა მესამეც გაიტანეს. კუთხურის შემდეგ კარგი კომბინაცია შორეულ ძელთან ჩასაფრებულმა, ცვლილებაზე შესულმა ლევან კაკუბავამ გოლით დაასრულა. 3:0 და ფანტასტიკური სტარტი. დაბალანსებული გააზრებული თამაში. იგრძნობოდა რგოლებს შორის კავშირი და ის, თუ რა დავალება ჰქონდათ მიღებული ფეხბურთელებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს იყო იდეალურთან მიახლოვებული მატჩი თუ იდეალური არა.

ეს დღე "საბურთალოს" ისტორიაში ნამდვილად დაიკავებს გამორჩეულ ადგილს და ეს ფურცელი ოქროს ასოებით დაიწერება. მეტიც, ქართული ფეხბურთისთვისაც, რადგან რაც უნდა სამწუხარო იყოს, ასეთი ლამაზი საფეხბურთო დღეებით განებივრებულები არ ვართ. როგორც მატჩამდე ჭიაბრიშვილმა თქვა, "საბურთალო" ამ წარმატებისკენ ეტაპობრივად მოდიოდა და წლიდან წლამდე იზრდებოდა. ცხადია, ნამეტანი ეიფორია, დიდი ზარ-ზეიმიც არ ივარგებს და ახლა ცივი გონების შენარჩუნებაა საჭირო.

საპასუხო მატჩი 16 ივლისს, თბილისში, 21:30 საათზე შედგება და ბუნებრივია, "შერიფს" სასწაულიღა თუ იხსნის. აი, მომდევნო გაჩერებაზეც გეტყვით - ზაგრების "დინამო". თუმცა, მანამდე კიდევ არის 90 წუთი ტირასპოლელთა წინააღმდეგ და "საბურთალომ" ნამდვილად დაიმსახურა სავსე ტრიბუნები!

„შერიფი“ – „საბურთალო“ 0:3 (0:1) VIDEO

ტირასპოლი, „შერიფ არენა“

შერიფი“ (4-4-2): მიკულიჩი; პალჩიჩი (ტამბე 70), პოსმაჩი, იახი, კრისტიანო; ლატიფი, კენდიში, ტორე (ანტონი 46), ჰორდიენკო; ბობანი, პალიჩი (ბალიმა 46)

მწვრთნელი: ზორან ზეკიჩი

საბურთალო“ (4-4-2): მიგინეიშვილი; მალი, მარგველაშვილი, რეხვიაშვილი, ლაკვეხელიანი; დიასამიძე, გონსალვეში (შიდაგორიძე 70), ალთუნაშვილი, გორგიაშვილი (კაკუბავა 61); როლოვიჩი, კოხრეიძე (გაბედავა 77)

მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

გოლები: 0:1 როლოვიჩი (30), 0:2 კოხრეიძე (67), 0:3 კაკუბავა (71)

გაფრთხილება: კენდიში (35) - კოხრეიძე (44), ლაკვეხელიანი (60), კაკუბავა (77)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 6 (4) – 10 (5) კუთხურები: 6:5 თამაშგარე: 2:1

მსაჯი: ივან არუელ გრიფითი (უელსი)

0.108103