სხვა

14:19 | 10.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველ სუმოისტთა დანავსული სერია გრძელდება

ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი, რომელიც იაპონიის ქალაქ ნაგოიაში მიმდინარე საზაფხულო სუპერტურნირზე დასავლეთის მე-2 ოძეკის წოდებით ირჯება, ჯერაც პირველი გამარჯვების მოლოდინშია.

ტურნირის მე-4 დღეს ტოჩინოშინი დასავლეთის მე-3 მაეგაშირა დაიეიშოს დაუპირისპირდა და მართალია, მასთან დადებითი ბალანსი გააჩნდა, ამჯერად, ოშიდაშით დამარცხდა. ცხადია, რომ ტოჩინოშინი ტრავმების გამო სრული დატვირთვის ვერ ირჯება და შესაძლოა, ნაგოია ბაშოს ვადაზე ადრე მიტოვებაც მოუხდეს.
ხვალ, ქართველი სეკიტორის მოწინააღმდეგე აღმოსავლეთის პირველი მაეგაშირა ასანოიამა იქნება, რომელთანაც ჩვენებურს თანაბარი ბალანსი (1 მოგება, 1 მარცხი) აქვს.
ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში დაუმარცხებელი 4 ლიდერია, რომელთა შორის იოკოძუნები კაკურიუ და ჰაკუჰოც იმყოფებიან.
რანგით მე-2 დივიზიონ ჯურიოში ასევე წარუმატებლად ირჯება გაგამარუს შიკონათი ცნობილი თეიმურაზ ჯუღელი, რომელსაც დასავლეთის მე-2 ნომრის სტატუსი აქვს.
გაგამარუმ ერთადერთი მოგების წილ მე-3 მარცხი აღმოსავლეთის მე-4 რეიტინგოსან ვაკატაკაკაგესთან შიტატედაშინაგეთი განიცადა. საინტერესოა, რომ ჩვენებური დღევანდელ მეტოქეს 84 კგ-ით აღემატებოდა, თუმცა, ამან გამარჯვება ვერ მოუტანა.
ივლისის ბაშოს მე-5 დღეს პირისპირ დასავლეთის მე-4 ნომერ ტაკანოშო დადგება, რომელსაც გაგამარუ 4-ჯერ გაჯიბრებია და სრული წონასწორობა გააჩნია – 2 გამარჯვება, 2 წაგება.

0.114303