ფეხბურთი

22:35 | 9.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ზეკიჩი: "ეს იქნება სრულიად განსხვავებული თამაში, ვიდრე მოლდოვის ჩემპიონატის მატჩი"

საქართველოს ჩემპიონ „საბურთალოს“ ტირასპოლის „შერიფი“ პატივს სცემს. ეს არის გზავნილი, რომელიც დღეს მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მოლდოვური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ზორან ზეკიჩმა რამდენჯერმე გააჟღერა.

ხორვატი სპეციალისტის განცხადებით, ევროასპარეზზე სუსტი მეტოქე არ არსებობს და მათ კარგად შეისწავლეს „საბურთალოს“ თამაში. ზეკიჩი იმედოვნებს, რომ გულშემატკივარი სტადიონზე მრავლად მივა, ხოლო დანარჩენს ფეხბურთელები მოინდომებენ.

"მეტოქის შესახებ ბევრი რამის თქმა შემიძლია, ვუყურეთ „საბურთალოს“ თამაშებს და ანალიზი გავუკეთეთ. შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი გუნდი მეტოქეს მაქსიმალურ პატივს სცემს. ეს არის საქართველოს ჩემპიონი, კომბინაციურ ფეხბურთს თამაშობს, დაცვა კომპაქტურია, ანალიზი გავაკეთეთ, ეს ჩემთვის ძალიან საინტერესოა. ჩვენ მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა ვიფიქროთ. ვიმეორებ - მეტოქეს პატივს ვცემთ. მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ხვალ შეცდომის უფლება არ გვაქვს. სრულიად განსხვავებული თამაში იქნება, ვიდრე მოლდოვის ჩემპიონატში ვატარებთ. ამავე დროს უნდა ვიფიქროთ პოზიტიურად და დავუშვათ ნაკლები შეცდომები.

განსაკუთრებული სათქმელი არაფერია, მხოლოდ რამდენიმე სიტყვა. ხვალ თამაში გვაქვს, აქ ორი თვეა ვარ და ვფიქრობ, გუნდის თამაშის ხარისხი გაუმჯობესებულია. დარწმუნებული ვარ ხვალისთვის ჩემი გუნდი მზადაა და გამოიყენებს ყველაფერს, რაც მოვამზადეთ. მეტოქის თამაშს ანალიზი გავუკეთეთ და ხვალ ტაქტიკური თვალსაზრისითაც მზად ვართ.

რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს პრობლემა, რომ ბევრი ახალწვეული გვყავს, რომლებიც ხვლ პირველად ითამაშებენ. მაგრამ მადლობა ღმერთს ეს ფეხბურთელები სხვა გუნდებში თამაშობდნენ, სანამ „შერიფში“ მოვიდოდნენ. არაფერი ზებუნებრივი არ გამომიგონებია, ცხადია, მინდა ჩვენთან მეტი დრო ჰქონდეთ გატარებული, მაგრამ ასეთი სიტუაციაა. ვფიქრობ, ამის გამო არ უნდა ვიტიროთ. ბიჭები მზად არიან, იმედია ბევრი მაყურებელი მოვა, დანარჩენი ფეხბურთელებზეა დამოკიდებული.

ადრეც ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ: თუ ხვალ ბევრი მაყურებელი მოვა, ეს ფანტასტიკური იქნება. მინდა, ყველაფერი რაც ვარჯიშებზე გავიარეთ, ხვალ ვნახოთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ყველა ფეხბურთელი 100%-ით დაიხარჯება, რომლებიც მოედანზე გავლენ“, - აღნიშნა ზეკიჩმა.

შეგახსენებთ, „შერიფისა“ და „საბურთალოს“ ხვალინდელი მატჩი ტირასპოლში ჩვენი დროით 21:00 საათზე გაიმართება. საპასუხო შეხვედრა კი 16 ივლისს, თბილისში შედგება.

0.147067