სხვა

13:45 | 9.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ორივე ქართველი სუმოისტი დამარცხდა

იაპონიის ქალაქ ნაგოიაში მიმდინარე საზაფხულო სუპერტურნირიდან სუმოს ქართველი ქომაგისთვის კარგი ამბები არ მოდის. ბაშოს 3 დღის თავზე, 2 ქართველი სუმოისტის – ტოჩინოშინისა და გაგამარუს მონაგარი ერთადერთი გამარჯვებაა.

დღეს, ორივე ჩვენებურმა წააგო. ტრავმებით გაწამებული ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი, რომელიც დოჰიოზე დასავლეთის მე-2 ოძეკის წოდებით გადის, ამჯერად, რიუდენს ვერ გაუმკლავდა. დაახლოებით ნახევარი წუთის თავზე, დასავლეთის პირველმა კომუსუბიმ ჩვენებური უვატედაშინაგეთი დაჯაბნა.
ზედიზედ 3 მარცხის შემდეგ, ტოჩინოშინი ნავსის გატეხვას ხვალ ეცდება, როდესაც ძალებს დასავლეთის მე-3 მაეგაშირა დაიეიშოსთან მოსინჯავს. ლევანს ის შვიდიდან ექვს შემთხვევაში ჰყავს დამარცხებული და იმედია, ხვალაც იყოჩაღებს.
ამ დროისთვის, ნაგოიას ბაშოს 7 დაუმარცხებელი ლიდერი ჰყავს, რომელთა შორის იოკოძუნები კაკურიუ და ჰაკუჰოც იმყოფებიან.
რანგით მე-2 დივიზიონ ჯურიოში მე-2 მარცხი განიცადა გაგამარუს შიკონათი ცნობილმა თეიმურაზ ჯუღელმა. ქართველმა გოლიათმა, რომელიც დასავლეთის მე-2 ნომრის წოდებით ირჯება, დასავლეთის მე-3 რეიტინგოსან იუტაკაიამასთან ოშიტაოშით წააგო. ხვალ, გაგამარუ აღმოსავლეთის მე-4 ნომერ ვაკატაკაკაგეს დაუპირისპირდება, რომელსაც ურთიერთშეხვედრებში 2:1-ს უგებს.

0.124869