ფეხბურთი

14:14 | 8.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ამ დღეს: გერმანული ქარიშხალი და ბრაზილიელთა კოშმარი (+VIDEO)

1950 წლის მუნდიალის ფინალში განცდილი მარცხის შემდეგ ბრაზილიის ნაკრებისთვის ყველაზე დიდი დარტყმა ისტორიაში 2014 წლის 8 ივლისს განცდილი ფიასკოა. ზუსტად 5 წლის წინ, ბელუ ორიზონტეში მასპინძელი ბრაზილია გერმანიას დაუხვდა და მუნდიალის ფინალში გასასვლელად ემზადებოდა.

ემზადებოდა, მაგრამ არ გამოუვიდა. ის, რაც "არენა მინეირაოზე" მოხდა ალბათ საუკუნეში ერთხელ თუ მოხდება - გერმანიამ 7:1 მოიგო!

ბრაზილიელებმა სწრაფადვე გაუშვეს ტომას მიულერისგან, მაგრამ თამაშის ბედი 6-წუთიანმა ინტერვალმა გადაწყვიტა, რომელიც "სელესაოს" 23-ედან 29-ე წუთამდე დაუდგა. მეტიც, ალბათ ეს არის "პენტაკამპეონელთა" ისტორიაში ყველაზე კოშმარული 6 წუთი!

რატომ? 6 წუთში გერმანიამ ჟულიო სეზარის კარი 4-ჯერ(!) აიღო! ფანტასტიკაა, დაუჯერებელია, მაგრამ ასეა. მოკლედ, ნახევარი საათის თავზე ალემანები 5:0 აცამტვერებდნენ პრინციპულ და ამაყ მეტოქეს. მეორე ტაიმში ანდრე შურლემ დუბლიც წაამატა და ანგარიში საერთოდ კატასტროფული გახდა. ბუნებრივია, ბოლო წუთზე ოსკარის გოლი ვერაფერი შვება-ნუგეში იყო მასპინძელთათვის, რადგან საშვილიშვილო მარცხი გარდაუვალი გახლდათ - 1:7.

სხვათა შორის, ბედის ირონიით, იმ დღეს, ბრაზილიაში, ბრაზილიელთა წინააღმდეგ მიროსლავ კლოზემ ბრაზილიელი ლეგენდის, რონალდოს რეკორდი დაამხო და მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე მე-16 გოლი გაიტანა.

მუნდიალი 2014. ნახევარფინალი. ბელუ ორიზონტე, „მინეირაო“. 8 ივლისი, 2014.

გოლები: 0:1 მიულერი (11), 0:2 კლოზე (23), 0:3 კროოსი (24), 0:4 კროოსი (26), 0:5 ხედირა (29), 0:6 შურლე (69), 0:7 შურლე (79), 1:7 ოსკარი (90)

0.172249