ამსტერდამის „აიაქსის“ კაპიტანი მატის დე ლიხტი ასაკის მიუხედავად სატრანსფერო ბაზარზე ალბათ ყველაზე მოთხოვნადი მოთამაშეა. მისი საგა საკმაოდ გაიწელა. ჯერ იყო და კატალონიის „ბარსელონას“ მაისური „ჩააცვეს“, შემდეგ „პარი სენ ჟერმენის“ და ახლა უკვე პრაქტიკულად ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელად მოიხსენიებენ.
მართლაც, დე ლიხტმა რომ არჩევანი იტალიის ჩემპიონზე გააკეთა, მისი მრავლისმნახველი აგენტი მინო რაიოლა De Telegraaf-თან საუბარში ადასტურებს კიდეც. თუმცა, ტრანსფერი ჯერ დახურული არაა - „აიაქსი“ და „იუვენტუსი“ ვერ თანხმდებიან.
ამასობაში ამსტერდამელთა შეკრებაზე დღეს მატის ელოდებიან და როგორც რაიოლა ამბობს, მისი კლიენტი გუნდს შეუერთდება:
„მატისი „იუვენტუსთან“ შეთანხმებულია. ახლა მხოლოდ იმას ველოდებით, რომ კლუბები სწრაფად მოილაპარაკებენ და ტრანსფერი დაიხურება. მიუხედავად ამისა, ორშაბათიდან დე ლიხტი „აიაქსს“ შეკრებაზე შეუერთდება“, - თქვა რაიოლამ.
ადგილობრივ გამოცემებს თუ დავუჯერებთ, დე ლიხტი მიმდინარე კვირაში უკვე „იუვენტუსის“ ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება. რაც შეეხება კლუბებს შორის მოლაპრაკებებს, „აიაქსი“ 75-80 მილიონ ევროს ფეხს არ უცვლის, ხოლო ტურინელთა თავდაპირველი წინადადება ასეთი იყო: 55 მილიონი ევრო და 10 მილიონი ბონუსის სახით. ეს თანხა კი ჰოლანდიელებს ეცოტავათ და შეთანხმება ამ დრომდე ამიტომაც ვერ დგება. არაა გამორიცხული მხარეებმა გარიგებაში იტალიელი თავდამსხმელი მოიზე კინიც ჩართონ, რომლის სამსახურითაც „აიაქსი“ დაინტერესებულია.
იმავე De Telegraaf-ის ინფორმაციით კი, დე ლიხტი „აიაქსს“ დანაპირების შესრულებისკენ მოუწოდებს და შარშან ზაფხულს მიღწეულს სიტყვიერ შეთანხმებას ახსენებს. როგორც ხსენებული გამოცემა წერს, გასულ წელს მატისი და „აიაქსი“ შეთანხმებულან, რომ თუ 50-მილიონიანი წინადადება იქნებოდა, კლუბი ფეხბურთელს არ შეაფერხებდა და ვაჭრობას არ დაიწყებდა.
ვნახოთ, წესით უახლოეს დღეებში საბოლოოდ გაირკვევა ყველაფერი. შეგახსენებთ, გასულ სეზონში 19 წლის დე ლიხტმა „აიაქსის“ ღირსება 55 მატჩში დაიცვა და 7 გოლი გაიტანა.