ფეხბურთი

22:07 | 7.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

დავით პეტრიაშვილი არენაზე უეფას ფუტსალის B ლიცენზიის კურსის მეორე მოდული დასრულდა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა პროფესიული განვითარებისა და განათლების განყოფილების ორგანიზებით დავით პეტრიაშვილი არენაზე უეფას მწვრთნელთა განათლების ფუტსალის B ლინცეზიის მეორე მოდული გაიმართა.

მოდულის ძირითადი ნაწილი ფუტსალში მეკარის როლს ეფუძნება. აღნიშნულ თემაზე თეორიული და პრაქტიკული სემინარები უეფას მწვრთნელთა განათლების ფუტსალის ექსპერტთა ჯგუფის წევრმა დუშან მატიჩმა ჩაატარა.

მეორე მოდულის სასემინარო ნაწილის დასრულების შემდეგ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურმა დირექტორმა, ზაზა ზამთარაძემ უეფას მწვრთნელთა განათლების ფუტსალის ექსპერტს, დუშან მატიჩს საჩუქრად საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარის ფორმა გადასცა.

უეფას მწვრთნელთა განათლების ფუტსალის B ლინცეზიის კურსი საქართველოში პირველად იმართება და ის 6 მოდულისგან შედგება. ამ ეტაპზე სასწავლო პროცესში მონაწილეობას 12 ლიცენზიის მაძიებელი იღებს.

დუშან მატიჩი - უეფას მწვრთნელთა განათლების ფუტსალის ექსპერტი: "აღნიშნული მოდული ფუტსალში მეკარეების როლს ეძღვნება. მოხარული ვარ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ამ პოზიციას თვლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვნად და ამ მიმართულებით სურს განვითარება. კურსის მონაწილეები მონდომებული არიან, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიიღონ, აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ეს კურსები გაამართლებს და ქართულ ფუტსალს განვითარებაში დაეხმარება."

ზვიად კუპატაძე - საქართველოს ფუტსალის ნაკრების კაპიტანი: "ჩემი აზრით, აღნიშნული კურსები ძალიან წაადგება ქართულ ფუტსალს. მონაწილეები აქ მიღებულ ინფორმაციას საკუთარ გუნდებს და ჩვენს ახალგაზრდა მოთამაშეებს გადასცემენ. ეს ყველაფერი კი, იმის საწინდარია, რომ ეროვნული ნაკრებისთვის უფრო მეტი კარგი ფეხბურთელი გამოჩნდება და კონკურენცია გაიზრდება."

ბესო ზოიძე - კურსის მონაწილე: "სასწავლო პროცესი მაღალ დონეზე მიმდინარეობს და ვფიქრობ, რომ მწვრთნელების დონის ამაღლება განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის აუცილებელია. ამ პროცესის ერთ-ერთი მთავარი პლიუსი ისაა, რომ მწვრთნელებს ერთმანეთთან მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს და ინფორმაციებს ვცვლით. საბოლოო ჯამში, ეს პროცესი მოგვცემს საშუალებას, რომ მომავალში ჩვენს ქვეყანაში ბავშვთა ფუტსალი განვითარდეს, შეიქმნას აკადემიები და ბავშვთა სკოლები, რაც სპორტის ამ სახეობის განვითარებისთვის აუცილებელია."

www.gff.ge

0.112698