შვედეთის ალსვენსკანის მე-14 ტურში გიორგი ხარაიშვილის „გიოტებორგმა“ „სუნდსვალს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.
მასპინძლებმა სოლიდური უპირატესობა პირველი ტაიმში მოიპოვეს, რადგან მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანეს. 44-ე წუთზე კალისირმა ანგარიშის სხვაობა ქართველი შემტევის პასით გაზარდა.
ხარაიშვილს გატანა თავადაც შეეძლო, მაგრამ 68-ე წუთზე ჩინებული შანსი გაუშვა ხელიდან - პენალტი ვერ გამოიყენა, მეკარემ აჯობა. სტუმრებმა ბოლოსკენ ერთი გოლი გაქვითეს, მაგრამ მეტი ვერ გაახრეხეს და დამარცხდნენ. ჩვენებურმა კი შეუცვლელად ითამაშა.
„გიოტებორგი“ 14 თამაშში მოპოვებული 25 ქულით მეოთხე ადგილზე იმყოფება და ლიდერ „მალმეს“ 6 ქულით ჩამორჩება. უშუალოდ 22 წლის ქართველ შემტევს რაც შეეხება, მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 13 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი და 3 საგოლე პასი შეასრულა.