ამსტერდამის „აიაქსის“ კაპიტანი მატის დე ლიხტი ტურინის „იუვენტუსთან“ შეთანხმებულია, მაგრამ დიდი ალბათობით, ტრანსფერი არ შედგება. საქმე ისაა, რომ იტალიელები „აიაქსთან“ ვერ რიგდებიან.
ამასობაში სცენაზე „ბარსელონა“ გამოჩნდა და ესპანური მედიის ცნობით, დე ლიხტისთვის ბრძოლაში დაბრუნდა. აღნიშნულ საკითხზე კატალონელთა პრეზიდენტის, ხოსეპ ბართომეუს კომენტარი კი ორაზროვანი გამოდგა.
გარდა ამისა, ბართომეუმ ნეიმარისა და ანტუან გრიზმანის შესახებაც ისაუბრა.
„დიდი ხნის წინ ვთქვი, რომ ვიცი სად ითამაშებს დე ლიხტი მომდევნო სეზონში. ახლაც ვიცი, მაგრამ მეტის თქმა არ შემიძლია. ის „აიაქსის“ ფეხბურთელია, მე არაფრის თქმა არ შემიძლია.
ვიცით, რომ ნეიმარს პსჟ-ს დატოვება უნდა, მიუხედავად იმისა, რას ვკითხულობთ გაზეთებში. თუმცა, პარიზულ გუნდს მისი გაყიდვა არ უნდა. მესიმ მოითხოვა მისი დაბრუნება? კი, მაგრამ რას ამბობთ? ფეხბურთელები ფეხბურთელების შეძენას არ ითხოვენ, მესის არასდროს გაუკეთებია. გუნდის ხელმძღვანელობა გადაწყვეტს ვინ იყიდოს და ვინ - არა.
გრიზმანი? მასთან კონტაქტი გვაქვს. ის ფაქტი, რომ შარშან უარი გვითხრა, ჩვენთვის შემაშფოთებელი არაა. იგივე მოხდა ანრისა და ვილას შემთხვევაში, მაგრამ შემდეგ ორივე „ბარსელონას“ ფეხბურთელი გახდა“, - უთხრა ბართომეუმ As-ს.