37 წელი გავიდა, მაგრამ რამდენიც არ უნდა გავიდეს, საფეხბურთო ისტორია არასდროს დაივიწყებს 1982 წლის მუნდიალის გამორჩეულ მატჩს, რომელიც ბარსელონაში „ესტადი სარიაზე“ იტალიასა და ბრაზილიას შორის შედგა.
ეს იყო მეორე ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩი და გამარჯვებული ნახევარფინალში გადიოდა. უფრო კონკრეტულად საკითხი ასე იდგა: იტალია მხოლოდ გამარჯვება დააკმაყოფილებდა, ხოლო ბრაზილიას სამიდან ორი შედეგი აწყობდა - გამარჯვება და ფრე.
საერთოდ, ტელე სანტანას ფორმაციის ბრაზილია ჩინებულ ფეხბურთს აჩვენებდა. ზიკო-სოკრატესის წინამძღოლობით „სელესაო“ წყვილში ფავორიტად მიიჩნეოდა და საფუძვლიანადაც. იტალია იქამდე არ იყო დამაჯერებელი. მანამდე არგენტინას კი აჯობა, მაგრამ პირველი ჯგუფური ეტაპიდან თავის ძლივსძლიობით დაიძვრინა - სამი ფრე.
ალესანდრო ალტობელი: „ჩვენ ძლიერი გუნდი გვყავდა, რადგან ძალიან ცოტა გოლს ვუშვებდით. ბრაზილია კი დიდი გუნდი იყო, რომელიც მაგრად თამაშობდა, ბევრ გოლს იტანდა. თუმცა, ჰყავდა დაცვა, რომლის გარღვევა შესაძლებელი იყო. მოედანზე თვითდაჯერებულები გავედით, მხოლოდ იმ მიზნით, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდოდით“.
შეხვედრა იტალიელთათვის ჩინებულად დაიწყო. მარჯვენა ფლანგიდან ბრუნო კონტიმ საპირისპირო ფლანგზე ანტონიო კაბრინი მოძებნა, რომლის ფლანგური ჩაწოდების შემდეგ სამხრეთ ამერიკელთა დაცვის ხაზი ჩაიძირა - პაოლო როსის კი ხელი ვერავინ შეუშალა და ანგარიში გაიხსნა.
„ჩემთვის ნდობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან საუკეთესო კონდიციებში არ ვიყავი. საბედნიეროდ ამ თამაშიდან ჩემი მომენტი დადგა“, - გაიხსენა მოგვიანებით მატჩის გმირმა როსიმ.
ბრაზილიამ ზუსტად შვიდ წუთში გაათანაბრა. სოკრატესი კარგი კომბინაციის შემდეგ ევროპელთა საჯარიმოში აღმოჩნდა და ლეგენდარულ დინო ძოფს ახლო კუთხეში გაუტანა. ეს შედეგი უკვე ბრაზილიელთა წისქვილზე ასხამდა წყალს, მაგრამ ტელე სანტანას გუნდი ფრისთვის არასდროს თამაშობდა.
25-ე წუთზე „სკუადრა აძურა“ კვლავ წინ გავიდა. ბრაზიელმა მცველმა ჟუნიორმა უყურადღებოდ ითამაშა, მისი დაუფიქრებელი პასი პაოლო როსიმ ჩაჭრა და საჩუქარი გოლით დააგვირგვინა - 2:1. ეს არაფერს ნიშნავდა, ბრაზილიელებს ნებისმიერ წამს და ნებისმიერი სიტუაციიდან შეეძლოთ აფეთქება. ისინი შეტევებს აგრძელებდნენ, მაგრამ ხან სიზუსტე აკლდებოდათ, ხანაც დინო ძოფი იყო მოწოდების სიმაღლეზე. აპენინელთა კაპიტანმა ჯერ სერეზოს დაასწრო, მერე სერჟინიოს ქუსლით არ გაატანინა.
„ძოფი ჩვენი ბალანსი იყო, ადამიანი, რომელიც სრულ სიმშვიდეს და ჰარმონიას გვმატებდა“, - მარკო ტარდელი.
თამაშის დასრულებამდე 22 წუთით ადრე კი ბრაზილიამ საწადელი აისურა. ფალკაომ საჯარიმოს მისადგომებთან ტექნიკურად ითამაშა, ხელი ვერავინ შეუშალა. დინო ძოფმა რეაგირება მოახდინა, მაგრამ ჯუზეპე ბერგომის ბურთი ეხება და იტალიელთა მეკარისთვის ამოცანა ამოუხსენელი გახდა.
სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა - იტალიას გოლი აუცილებლად უნდა გაეტანა და ამისთვის 20 წუთზე ოდნავ მეტი ჰქონდა. ბრაზილიას კი როგორც უკვე ვთქვით ქულაც ჰყოფნიდა ნახევარფინალისთვის. 74-ე წუთზე „სკუადრა აძურამ“ კუთხურის ჩაწოდების უფლება მოიპოვა.
ბრუნო კონტიმ საჯარიმოში ჩააწოდა, იქ შექმნილ არეულობაში კი ვინ გაერკვეოდა თუ არა, პაოლო როსი - 3:2. იტალიელთა მეოცე ნომერმა ჰეთ-თრიქი შეასრულა და როგორც მოგვიანებით თქვა, ამ ჩემპიონატმა მისი ცხოვრება შეცვალა.
იტალიის ნაკრებმა კი მალე მეოთხე გოლი გაიტანა - ჯანკარლო ანტონიონიმ გაიტანა, ოღონდ თამაშგარე დაფიქსირდა, თუმცა უსამართლოდ.
თამაშის კულმინაცია მსაჯის კომპენსირებული ბოლო წუთი, შეიძლება ითქვას, წამი იყო. ბრაზილიამ მარცხენა ფლანგიდან სტანდარტი შეასრულა, საჯარიმოში ედერის ჩაწოდების შემდეგ პაოლო ისიდორიმ თავით დაარტყა. ეს იყო წამი, როდესაც ყველა იტალიელის გულისცემა გაჩერდა... დინო ძოფმა ბურთი ზუსტად კარის ხაზზე შეაჩერა და ბრაზილიას ნახევარფინალში გასვლის შანსი მოუსპო.
„ბურთი კარის ხაზზე გავაქვავე. ეს იყო ნამდვილად საშინელი 5 წამი, შიში იმისა, რომ მსაჯი ხელს მოედნის ცენტრისკენ გაიშვერდა. საბედნიეროდ ბურთი კარის ხაზზე დავიჭირე, სხვას ვერაფერს ვხედავდი. ვეძებდი მსაჯს და როდესაც დავინახე, ჩემგან მარჯვნივ იდგა, ამოვისუნთქე“, - თქვა ძოფმა.
შეხვედრაც დასრულდა. იტალიამ მოიგო და ოცნება გააგრძელა. ესპანეთში „სკუადრა აძურას“ თავგადასავალი დიდებულად გაგრძელდა და დასრულდა. ამას მოჰყვა პოლონეთთან წარმატებული (2:0) ნახევარფინალი და ფინალი, სადაც გერმანია 3:1 დაამარცხა. ენცო ბეარძოტის გუნდმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მესამედ მოიპოვა.
მუნდიალი 1982. ბარსელონა, 5 ივლისი, 1982 წელი
გოლები: 1:0 როსი (5), 1:1 სოკრატესი (12), 2:1 როსი (25), 2:2 ფალკაო (68), 3:2 როსი (74)