ფეხბურთი

19:15 | 4.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბუფონი: "ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო დღეა, სახლში დავბრუნდი"

ჯანლუიჯი ბუფონი ტურინის „იუვენტუსში“ დაბრუნდა. ერთი შეხედვით დაუჯერებელი ცნობა უკვე ოფიციალურად დადასტურდა. იტალიური გუნდის ვებგვერდის ცნობით, მხარეებს შორის კონტრაქტი 2020 წლის 30 ივნისამდე გაფორმდა.

„მინდა კიდევ ერთხელ მოგესალმოთ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ სახლში დავბრუნდი და მომეცა შესაძლებლობა ისევ ჩაგეხუტოთ. ეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ულამაზესი დღეა. დღეს ჩემთვის დადასტურდა, რომ ცხოვრება წარმოუდგენელია და სავსეა ოცნებებით“, - ციტირებს ბუფონის სიტყვებს „იუვენტუსის“ ვებგვერდი.

ჯიჯიმ საკუთარ სოციალურ ქსელის გვერდებზეც გამოაქვეყნა განცხადება:

დაბრუნება გადავწყვიტე, რადგან როდესაც შენი ოჯახი გეძახის, არ შეიძლება უპასუხოდ დატოვო. ჩემი გრძელი მოგზაურობის ახალი გზა იწყება. დავბრუნდი ადგილას, სადაც თავს სახლში ვგრძნობდი, ეს არის უსაზღვრო სიყვარული, გამბედაობა და წარმოუდგენელი გადაწყვეტილება.

ეს ახალი დასაწყისია. გარკვეულწილად განსხვავდება იმისგან რაც იყო, მაგრამ მდიდარია ემოციებით და იმავე სიხარულით. დავბრუნდი ტურინში, რადგან ვიცი, რომ ისევ სასარგებლო ვარ. დავბრუნდი, რადგან როდესაც „სინიორა“ გიწვევს, არ შეიძლება უარის თქმა. დავბრუნდი, რადგან ეს ჩემი სახლია!

შეგახსენებთ, ჯანლუიჯი ბუფონი „იუვენტუსის“ ღირსებას 17 წელი იცავდა (2001-2018) და 656 თამაში ჩაატარა. ლეგენდარული მეკარე ტურინულ გრანდს ერთწლიანი განშორების შემდეგ დაუბრუნდა. გასული სეზონი იტალიელმა პსჟ-ში გაატარა და 25 შეხვედრა ჩაატარა.

Loading...
სტატისტიკა
0.279913