სხვა

14:21 | 3.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჭანტურია სკოპიეს მეტალურგში დაბრუნდა

ხელბურთის ეროვნული ნაკრების ვეტერანი, 37 წლის რევაზ ჭანტურია კარიერას გააგრძელებს მაკედონიის ერთ-ერთ უძლიერეს კლუბში, სკოპიეს მეტალურგში, სადაც 2004-11 წლებში თამაშობდა.

ჭანტურიამ ბოლო სეზონი სტრუგაში დაასრულა, მალე კი ერთწლიან კონტრაქტს მოაწერს კლუბთან, რომელთან ერთადაც ორი სეზონი უთამაშია ჩემპიონთა ლიგაზე და მთავარ ევროპულ საკლუბო შეჯიბრებაში 21 გოლი გაუტანია. რეზო მეტალურგში 2004 წელს, სტუ-შევარდენიდან გადავიდა და იქ 7 სეზონი გაატარა, შემდეგ ვარდარში, პელისტერში, სტრუმიცაში, ისევ პელისტერში და სტრუგაში ითამაშა, საქართველოს ნაკრებში კი მისი კარიერა 2001 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება - ივნისში ის გუნდთან ერთად IHF ერთა ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ხელბურთელი 17 ივლისს გაემგზავრება მაკედონიაში და წინასასეზონო მზადებას დაიწყებს. გთავაზობთ ინტერვიუს რევაზ ჭანტურიასთან.

- მეტალურგის ვებგვერდზე ასე დაწერეს - ჭანტურია 8 წლის შემდეგ დაბრუნდა გუნდში, სადაც დაიწყო საერთაშორისო კარიერა და ალბათ აქვე დაასრულებსო. 1+1 კონტრაქტს მთავაზობდნენ, მაგრამ ერთწლიანი ვარჩიე. ჩემს ასაკში ყველაფერი ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული - აგერ, ერთა ჩემპიონატზე, უწყინარ სიტუაციაში შევხტი ირლანდიის ნაკრების ზონაში და კუნთი გავიწყვიტე. მთავარია, ჯანმრთელად ვიყო და კიდევ ორი წელი ვაპირებ თამაშს.

- იქამდე ალბათ მასტერ-კოუჩის ლიცენზიასაც აიღებ...

- ზუსტად მასე მაქვს დაგეგმილი. მწვრთნელობის ორი დონის კურსები უკვე დავხურე. ამ მომენტისთვის ჩემი ლიცენზიით ნებისმიერი ასაკის ახალგაზრდული გუნდში შემიძლია მუშაობა. ამას მოსდევს მესამე კატეგორია, რომელიც კაცთა გუნდში მწვრთნელობის უფლებას მაძლევს და ამის შემდეგ არის მასტერ-კოუჩის დონე, ურომლისოდაც 2022 წლიდან ვერც ჩემპიონთა ლიგაში მონაწილე კლუბში იმუშავებ და ვერც ეროვნულ ნაკრებში.

მეტალურგი ერთ დროს მაკედონიის საუკეთესო გუნდი იყო, შემდეგ პირველობა ვარდარს დაუთმო, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაში მაინც რეგულარულად თამაშობდა. წინა სეზონში, მაკედონიაში მეორე ადგილი ეუროფარმმა აიღო და წლეულს EHF თასზე მოგვიწევს გამოსვლა. მაგრამ ეგ არაფერი, ჩემთვის მეტალურგი ახლა იდეალური ვარიანტია - გუნდში სულ 4 ვეტერანი ვართ, დანარჩენები 23 წლამდე პერსპექტიული ბიჭები არიან, სერიოზული გეგმები აქვთ დასახული და იქ მოსამზადებლად, სპორტული ფორმის ასაკრეფად და შესანარჩუნებლად ყველა პირობა მექნება. ჩემთან ერთად აიყვანეს მილან პოპოვიჩი, მონტენეგროს ნაკრების ძირითადი მარცხენა გარემარბი, ძალიან კვალიფიციური მოთამაშე. ჩემს, მხარეს, მარჯვენა კუთხეში კი ახალგაზრდა ბიჭები ჰყავთ.

- ახლა საქართველოს ნაკრების ბოლო შეჯიბრება შევაფასოთ....

- საინტერესო ტურნირი იყო და მისი მოგება ნამდვილად არ ყოფილა იოლი. კუბა, აშშ და ბულგარეთი, ჩემი აზრით, არ ჩამოუვარდებიან იმ ევროპულ გუნდებს, რომლებთანაც ბოლო წლებში ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების შესარჩევ ტურნირებს ვთამაშობდით.

ჩვენი ახალი მთავარი მწვრთნელი ნიკოლა მაქსიმოვიჩი სერიოზული პროფესიონალია. მას და ბექა ორჯონიკიძეს ეხმარებოდა დრაგან ჯუკიჩი, რომელიც კონსულტანტია და თამაშის დროს არ ჩანდა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. მწვრთნელები აანალიზებდნენ ჩვენი და ჩვენი მომავალი მეტოქეების თამაშს, სტატისტიკურ მონაცემებს, დეტალურ ინფორმაციას გვაწვდიდნენ მომავალ მეტოქეზე და მის ყველა მოთამაშეზე. უშუალოდ თამაშს კი ძალიან კვალიფიციურად უძღვებოდა მაქსიმოვიჩი - მოკლედ, ყველაფერი ისე იყო, როგორც დიდ გუნდებშია.

ყველაფერი იწყება დაცვით და პირველ რიგში უნდა ვახსენო დაცვაში სწორი თამაში და ჩვენი მეკარე, შოთა თევზაძე. როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში, საკვანძო ფიგურა იყო ირაკლი ჩიქოვანი. დანარჩენები ახალგაზრდები არიან და კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა რომ მათ ძალიან კარგი მომავალი აქვთ.

რაც შეეხება ჩემს პოზიციას, აქ უმტკივნეულოდ შემცვალა ირაკლი გოგოლაძემ, რომლისთვისაც ეს სულ მეორე საერთაშორისო ტურნირი იყო. მის გარდა, გვყავდა კიდევ უფრო ახალგაზრდა გიორგი მერკვილაძე. გიორგი დიხამინჯიამ ბოლო სეზონი სტრუგაში ინსაიდად ითამაშა, მაგრამ გადამწყვეტ მატჩებში მნიშვნელოვანი გოლები გაიტანა გარემარბის პოზიციიდანაც. როდესაც კარიერას დავასრულებ, შემიძლია ჩემს პოზიციაზე არ ვიდარდო - მშვენიერი ცვლა გვყავს.

ჯამში, ჩვენ ცხრა დღეში გვქონდა შვიდი თამაში და შვიდივე მოვიგეთ, რაც შეუძლებელი იქნებოდა, ერთ მტკიცე გუნდად რომ არ ვყოფილიყავით შეკრული. ყველამ, ვეტერანმაც და ახალგაზრდამაც მაქსიმუმი გაიღო გამარჯვებისთვის.

- ახლა მომავალზე - გველის ევროპის ჩემპიონატის პლეიოფი და მსოფლიო პირვეობის კვალიფიკაცია...

- ორივე ამ ტურნირის წილისყრა ივლისის ბოლოს იქნება. ევროპის პლეიოფს რაც შეეხება, სამი სავარაუდო მეტოქიდან მე ესტონეთთან თამაში მირჩევნია, ბელგიასთანაც არაუშავს. ფინეთიც არაა ჩვენზე ძლიერი, თუმცა, ძალისმიერი, ხისტად მოთამაშე გუნდია და თუ მაინცდამაინც, ესტონეთი ან ბელგია სჯობს. თუ მოვიგეთ, ჩვენ გავდივართ ევროპის ელიტაში, მთავარ საკვალიფიკაციო რაუნდში, 32 უძლიერეს გუნდს შორის, ამ 32 გუნდში კი ფინალური ეტაპის 20 საგზური თამაშდება.

მსოფლიო ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის გავლაც შეგვიძლია. აქაც დაახლოებით ჩვენი დონის გუნდებია - იტალია, რუმინეთი, ისრაელი, კოსოვო, ბელგია, საბერძნეთი, თურქეთი, ესტონეთი, ფინეთი, ლიტვა, სლოვაკეთი, ფარერები, ლუქსემბურგი, კვიპროსი, ბრიტანეთი...

მშვენიერი ახალგაზრდები გვყავს, ვეტერანებიც ჯერჯერობით მწყობრში და მათ გვერდით ვართ, სანამ შეგვიძლია და ეს მომენტი უნდა გამოვიყენოთ. ხელბურთი ჩვენი თამაშია. მართალია, ვერ ვიტყვი, რომ ბოლო დროს ჩვენი მედია, ტელევიზია ხელბურთის ნაკრების თამაშებს დიდ ყურადღებას აქცევდა, მაგრამ ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული - მოვიგებთ და დავბრუნდებით. სპორტის სასახლეც ისევე შეივსება, როგორც ბევრჯერ შევსებულა ხელბურთზე.

0.118661