ფეხბურთი

14:00 | 3.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

დიდებული ფეხბურთელი ტრაგიკული ისტორიით - იტალიელი მწერლის თვალით დანახული დავით ყიფიანი
1981 წლის თასების თასის ლეგენდარული ფინალი და დათო ყიფიანი

იშვიათია უცხოურ და მითუფრო იტალიურ მედიაში ქართველი ფეხბურთელის ან ქართული ფეხბურთის შესახებ წერილს გადააწყდე. აი, ისეთს, სიამაყით რომ აღგავსებს და ყველაფერს სხვა თვალით დაგანახებს. ალბათ გეცოდინებათ, ცნობილი ვებგვერდი Calciomercato და მეც სრულიად შემთხვევით ძალზე საინტერესო წერილს გადავაწყდი, რომლის ავტორი რემო განდოლფი გახლავთ.

პატივცემული რემო ავტორია წიგნისა "უიღბლო (დაწყევლილი) ისტორიები". ხსენებულ კრებულში საუბარი იმ ცნობილ ფეხბურთელებზეა, რომელთაც არ გაუმართლათ და ვერ მიაღწიეს იმას, რისთვისაც უნდა მიეღწიათ. განდოლფის ბოლო ნამუშევარი 1981 წლის თასების თასის ფინალს და ქართული ფეხბურთის ლეგენდას, დავით ყიფიანს დაეთმო. ავტორი მიიჩნევს, რომ ქართველი დიდებული ფეხბურთელი იყო, ადარებს იოჰან კრუიფსა და ალფრედო დი სტეფანოს, მაგრამ იმავდროულად თვლის, რომ ტრაგიკული ისტორია ჰქონდა - ძნელია არ დავეთანხმოთ.

ჩვენ კი, ისღა დაგვრჩენია, იტალიელი რემო განდოლფის თვალით დანახული თასების თასის ფინალი, ქართული ფეხბურთი, საბჭოთა ფეხბურთი და რაც მთავარია, დავით ყიფიანი წარმოგიდგინოთ.

სტატიას კი უცვლელად გთაზობთ:

13 მაისი, 1981 წელი

დღე, რომელიც საქართველოსა და თბილისის მოქალაქისთვის განსაკუთრებულია და კარგად ახსოვთ. თუ ამ დღის შემდეგ დაიბადე, ეს სინანულთანაც ასოცირდება - „1981 წლის მაისს არ მოვსწრებივარ“ - ეს არის ყველაზე გავრცელებული ფრაზა მომდევნო თაობებში.

1981 წლის 13 მაისი არის დღე, როდესაც მთელი საქართველო გაჩერდა

თუ ჰკითხავთ იტალიელებს სად იმყოფებოდნენ ერთი წლის თავზე, 11 ივლისს (1982 წლის 11 ივლისი, როდესაც იტალია მსოფლიოს ჩემპიონი გახდა - ავტ) ან დანიელებს სად იყვნენ 1992 წლის 26 ივნისს, პასუხი მარტივი გამოსაცნობია - ტელევიზორის წინ და უყურებდნენ ცხოვრების თამაშს. ეს არის თარიღები, როდესაც იტალიელები და დანიელები თავიანთ ეროვნულ ნაკრებებს გულშემატკივრობდნენ, მაგრამ „დინამო თბილისი“ არის კლუბი და არა ნაკრები. მაგრამ „დინამო თბილისი“ იყო გუნდი, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს საკუთარ ქვეყანას, საქართველოს წარმოადგენდა.

იმ საღამოს, პოლიციას არავინ დაუჯარიმებია, იმ საღამოს არ ყოფილა ძარცვა, ადამიანის დაჭრა, ჩხუბი... მთელი საქართველო ტელეეკრანებთან იყო. იმ საღამოს „დინამო თბილისი“ თასების მფლობელთა თასის ფინალში თამაშობდა. მის წინააღმდეგ არ ყოფილა ევროპული ფეხბურთის დიდი ნაწილი, მაგრამ იყო პატარა გერმანული ქალაქის წარმომადგენელი, აღმოსავლეთ გერმანული გუნდი, იენას „კარლ ცაისი“.

თუმცა, არსებობდა ერთი პრობლემა და არცთუ უმნიშვნელო. ფინალი იმართებოდა დიუსელდორფში, რომელიც გერმანიის მეორე მხარეს მდებარეობდა - დასავლეთში.

ტრიბუნებზე 5 ათასამდე გულშემატკივარი შეიკრიბა (ძირითადად ადგილობრივები) და „რეინშტადიონზე“ დაუვიწყარი ატმოსფერო ნამდვილად არ შექმნილა. „დინამოს“ გულშემატკივრებისთვის გერმანიის მიწაზე ჩასვლა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, თუნდაც „ცხოვრების თამაშის“ გამო. თბილისიდან 100-მდე ქომაგი ჩავიდა... იქნებ ნაკლებიც, მაგრამ ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.

ფინალამდე კი ორივე გუნდის განვლილი გზა ადვილი არ ყოფილა. პირველი წრეში „კარლ ცაისმა“ საოცარი ქამ-ბექი შეასრულა. გერმანელები „რომასთან“ სტუმრად პრუცოს, ანჩელოტისა და ფალკაოს გოლებით 0:3 დამარცხდნენ და თითქოს ყველაფერი გაირკვა. მაგრამ საპასუხო მატჩი „კარლ ცაისმა“ საკუთარ მოედანზე 4:0 მოიგო და ორი მატჩის ჯამში გაიმარჯვა. ამას მოჰყვა „ვალენსიას“ ძლევა (იმხანად მოქმედი ჩემპიონის), „ნიუპორტ ქაუნთისთან“ და „ბენფიკასთან“ რთული გამარჯვებები.

მეორეს მხრივ, „დინამომ“ საწყისი ორი წრე ბერძნულ „კასტორიასთან“ და ირლანდიურ „უოტერფორდთან“ ადვილად გაიარა. მეოთხედფინალში კი ლონდონის „ვესტ ჰემი“ ინგლისში 4:1 გაანადგურა. ტრევორ ბრუკინგსა და მის თანაგუნდელებს დღემდე ახსოვთ უცხოური გუნდის მიერ წარმოდგენილი ნამდვილი სპექტაკლი. Guardian-ი წერდა: „დინამო თბილისმა“ თავისი ბრწყინვალე თამაშით თაობებს ფეხბურთი შეაყვარა“. ნახევარფინალში „დინამომ“ ჰოლანდიურ „ფეიენოორდს“ თბილისში 3:0 აჯობა, ხოლო „დე კუიპზე“ 0:2 დამარცხდა.

ამ საღამოს არსებობს ისტორიაში შესვლის შანსი

„დინამო თბილისამდე“ ამ თასის დაუფლება საბჭოთა კავშირიდან მხოლოდ კიევის „დინამომ“ მოახერხა. ოლეგ ბლოხინის გუნდმა ეს 6 წლით ადრე გააკეთა. თუმცა, უშუალოდ ქართულ გუნდს ევროტურნირებზე ასეთი სიმაღლისთვის არასდროს მიუღწევია. „დინამო“ საერთოდ არ გავდა რუსულ, საბჭოურ გუნდს. კიევის „დინამომ“ თავის საუკეთესო შედეგებს თამაშის ორგანიზაციით, საოცარი ფიზიკური კონდიციებით და პრაგმატული ფილოსოფიით მიაღწია. თბილისის „დინამო“ რადიკალურად განსხვავებული გუნდი იყო.

ტექნიკა, ფანტაზია, კრეატივი და ბევრი ინდივიდუალისტი ფეხბურთელი. რა თქმა უნდა, ეს თამაში „რუსული გუნდისთვის“ დამახასიათებელი არ იყო. ამის შესახებ „დინამოს“ ფეხბურთელები უბრალოდ ასე რეაგირებდნენ: „ჩვენ ქართველები ვართ და არა რუსები!“

თამაშის დასაწყისიდანვე იყო ერთი ფეხბურთელი, რომელმაც თითქმის ყველა მაყურებლის ყურადღება მიიპყრო ფინალურ შეხვედრაში. თავდაპირველად მისი ფიზიკური აღნაგობის გამო - მაღალი, თხელი და მკვეთრი. მნიშვნელოვნად მელოტი, შავი ულვაშით.

მაგრამ, როდესაც ბურთს ეხებოდა, აღიარებდი, რომ დავით ყიფიანი ჩვეულებრივი ფეხბურთელი არ იყო. ამასთან, გუნდის აბსოლუტური ლიდერი გახლდათ. როგორც ჩანს დაუწერელი კანონია, რომ ყოველი შეტევის დროს ბურთი მისი ფეხით უნდა განაწილდეს. თუმცა, ეს „კარლ ცაისის“ ფეხბურთელებმაც კარგად იციან! ყოველჯერზე, როდესაც ყიფიანი ბურთს მიიღებდა, რამდენიმე გერმანელი ფეხბურთელი მის წინაშე ჩნდებოდა და ყველანაირი ხერხით ცდილობდნენ „ლურჯების“ მე-10 ნომრის შეჩერებას.

თეორიულად ის თავდამსხმელი იყო, ყოველშემთხვევაში თავდაპირველ შემადგენლობაში ასე ეწერა. რეალურად კი დი სტეფანოს, კრუიფის, ტოსტაოს სტილის ფეხბურთელი იყო. ძალიან ჭკვიანი და მოქნილი, თითქოს გრძნობდა რომელ პოზიციაში მიაყენებდა მეტოქეს ზიანს.

ფინალურ მატჩს რაც შეეხება, პირველ ტაიმში იყო ბრძოლა, მაგრამ თამაში ნაკლებად. „დინამო თბილისს“ უყვარს, როდესაც თამაშის ბატონ-პატრონია და ბურთი ყოველთვის ქართველებს ჰქონდათ. თუმცა, „კარლ ცაისი“ ერთ სანტიმეტრსაც არ თმობდა და ზონებიც დახურა. მეორე ტაიმში ოც წუთზე ოდნავ მეტი გავიდა და თამაში გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. გერმანელების კარგი შეტევა ვოგელმა დაიწყო და ლინდემანთან გათამაშებული კომბინაციის შემდეგ თბილისელთა დაცვაში სივრცეები გაჩნდა. ფლანგიდან ჩაწოდება განხორციელდა და საჯარიმოში სიღრმიდან ჰოპე გაჩნდა, რომელმაც მარჯვენა ფეხით დაარტყა - ბურთმა გაბელიასა და ხარიხას შორის გაიარა.

მერე შენგელიამ რამდენიმე მეტოქე მოატყუა, სანამ ბურთს მარჯვნივ გუცაევის მისამართით გაგზავნიდა. ბურთი, რომელიც საბოლოოდ ბადეში აღმოჩნდა. გერმანელთა გოლიდან 4 წუთიც არ იყო გასული. „დინამო“ მოედნის პატრონი გახდა და დათო (ავტორი აქ აღნიშნავს, რომ ეს მისი მეტსახელი იყო საქართველოში - რედ) იწყებს მეტოქის დარბევას, ანაწილებს პასებს და მოქმედებს, როგორც თამაშის კატალიზატორი.

ამასობაში თამაშის დასრულებამდე 4 წუთი რჩება. თამაში პრაქტიკულად დამატებით დროში გადასვლისთვის მზადაა, როდესაც ყიფიანი მეტოქის ნახევარზე ბურთს იღებს. ფიქრობს, როგორ მოატყუოს მეტოქე, რომელიც თავის მხრივ მხოლოდ დამატებით დროს ელოდება. შემდეგ ბურთს თანაგუნდელ ვიტალი დარასელიას აწვდის, კიდევ ერთ დაუვიწყარ ფეხბურთელს და ყიფიანის ალტერ ეგო ისევ იდეალურია: დარასელიასა და მეკარე გრაპენტინს შორის 30 მეტრია, მაგრამ ქართველი სწრაფად ატყუებს პირველ მეტოქეს, ბრუნდება მოედნის ცენტრალური ზონისკენ, თითქოს მარჯვენა ფეხით დასარტყმელად მოემზადა, მაგრამ ამას მარცხენა ფეხით აკეთებს, ბურთი მეკარისგან ახლო დაბალ კუთხეში გაძვრა. აღმოსავლეთ გერმანელებს კი დრო აღარ დაუტოვა. თბილისის „დინამომ“ ევროპის რანგით მეორე ტურნირი მოიგო, პირველი (და ამ დროისთვის ბოლო) საქართველოსთვის, რომელიც დამოუკიდებელი ქვეყანა ამ წარმატებიდან 10 წლის შემდეგ გახდა.

მთელი საქართველო გიჟურმა სიხარულმა მოიცვა

მილიონობით ქართველი ქუჩაში გამოვიდა. 100 ათასამდე გულშემატკივარი „დინამოს“ სტადიონზე. დავით ყიფიანისთვის კი ეს საბოლოო გვირგვინი იყო. ბევრ ევროპულ გუნდს სურდა მისი შეძენა, მაგრამ თითქოს კედელი გახლდათ აღმართული - ის ქართველია და თბილისში მთელი კარიერა უნდა დარჩეს, მთელი ცხოვრება.

კედლის მიღმა კი, რამდენიმე ხნის შემდეგ საზაფხულო ტურნირი ჩატარდა მადრიდში, რომელსაც “სანტიაგო ბერნაბეუმ“ უმასპინძლა. „დინამო“ სწორედ მასპინძელს ეთამაშებოდა, როდესაც მადრიდელთა ნახევარმცველმა ანხელმა ყიფიანი მოცელა და ფეხი მოტეხა.

1981 წლის სექტემბერი

საბჭოთა კავშირმა 1978 წლის მუნდიალზე კვალიფიცირება ვერ მოახერხა, მაგრამ ესპანეთში 1982 წელს დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატის საგზური პრაქტიკულად გაფორმებული აქვს. ყიფიანი შანსს მუდამ ელოდებოდა. უნდოდა მსოფლიოსთვის ეჩვენება თავისი ნიჭი და შესაძლებლობები. თითქმის 31 წლის იყო და მისთვის ასეთ დონეზე თამაშის ბოლო შანსი გახლდათ. ტრავმის შემდეგ იყო ხანგრძლივი რეაბლიტაციის პერიოდი, მაგრამ როდესაც 1982 წლის გაზაფხული მოვიდა, ყველაფერი რიგზე დადგა. ყიფიანმა „დინამოში“ თამაში განაახლა და გუნდს სეზონის გადამწყვეტ პერიოდში ლიდერობდა. ისევ თასების მფლობელთა თასი, მეოთხედფინალში ყიფიანი ვარშავის „ლეგიასთან“ გამარჯვების მთავარი გმირი იყო, სანამ მისი გუნდი ნახევარფინალში ლიეჟის „სტანდარდთან“ დამარცხდებოდა. მაგრამ იყო ერთი პრობლემა, როგორც აღმოჩნდა გადაულახავი.

საბჭოთა კავშირის ნაკრებს სამი მწვრთნელი ჰყავდა, სამი ძირითადი სკოლის წარმომადგენელი: რუსეთი, უკრაინა და საქართველო.

მოსკოვის „სპარტაკის“ მწვრთნელი კონსტანტინ ბესკოვი, კიევის „დინამოს“ თავკაცი ვალერი ლობანოვსკი და თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი ნოდარ ახალკაცი. „დინამოს“ 4 ფეხბურთელს კი საბჭოთა კავშირის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ადგილი პრაქტიკულად გარანტირებული ჰქონდა (ჩივაძე, სულაქველიძე, დარასელია და შენგელია). გუნდის ბალანსის დარღვევის დიდი რისკი გაჩნდა - მიიჩნევდნენ საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ფედერაციაში (განსაკუთრებით ლობანოვსკი და ბესკოვი).

დავით ყიფიანი ამ დროს ზედმეტი აღმოჩნდა. არამხოლოდ თვითონ, არამედ მისი კრეატიულობა, მისი ტაქტიკური ანარქია, და განსაკუთრებით მისი ცნობილი ქარიზმა, რაც ლობანოვსკისა და ბესკოვის სათამაშო სტრუქტურაში არ ჯდებოდა. დაიწყეს საუბარი: „ყიფიანს მადრიდში მიღებული ტრავმა ბოლომდე არ მოურჩენია“, მაგრამ ეს იყო სიცრუე, არც მეტი და არც ნაკლები. არავინ იჯერებდა. ყიფიანისთვის კი ეს უდიდესი იმედგაცრუება იყო. ვერც თვითონ, ვერც დანარჩენი საქართველო (და საბჭოთა მოსახლეობის უმრავლესობა) ამ არჩევანს ვერ ხსნიდნენ.

სწორედ ამ ეტაპზე ყიფიანი უპრეცედენტო გადაწყვეტილებას იღებს - ფეხბურთს ტოვებს. დავით ყიფიანი მხოლოდ 30 წლის იყო (თითქმის 31 წლის). თითქმის ყველა იყო დარწმუნებული, რომ ეს ცხელ გულზე მიღებული გადაწყვეტილება გახლდათ, გაბრაზების გამო გადადგმული ნაბიჯი და ყველაფერი დროის საკითხი იყო. ასე არ აღმოჩნდა. დავით ყიფიანი საფეხბურთო მოედანზე აღარ დაბრუნებულა, არც გამოსათხოვარი თამაში ჰქონია, რომელიც დაგეგმილი იყო 1982 წლის ნოემბერში, მაგრამ რამდენიმე დღით ადრე კომუნისტური პარტიის მდივნის, ლეონიდ ბრეჟნევის გარდაცვალების გამო, გაუქმდა.

დავით ყიფიანმა სამწვრთნელო კარიერა დაიწყო. „დინამოში“, შემდეგ საქართველოს ნაკრებში იმუშავა. იყო კვიპროსსა და ბელგიაშიც.

17 სექტემბერი, 2001 წელი

ყიფიანს მოსკოვის „დინამოდან“ დაუკავშირდნენ და მწვრთნელობა შესთავაზეს. იმ დროს ქობულეთში იმყოფებოდა და თბილისისკენ საკუთარი მანქანით გაემართა, რომ შემდეგ მოსკოვში გაფრენილიყო. თუმცა, ბედმა სხვაგვარად გადაწყვიტა. ავტოავარიის შედეგად მისი სიცოცხლე დასრულდა. ტრაგიკული ინციდენტი არ ყოფილა მისი გამოუცდელობის ბრალი. ექიმების დასკვნით, ყიფიანს გულის შეტევა ჰქონდა ავარიამდე ცოტა ხნით ადრე და ამის გამო მანქანის მართვაზე კონტროლი დაკარგა. საქართველო გლოვობს ისტორიაში ალბათ ყველაზე დიდ ჩემპიონს, რომლის ხილვა ყველას სურდა 1982 წლის მუნდიალზე, ესპანეთში...

როგორც იოჰან კრუიფი ჰოლანდიისთვის

და ზუსტად ასეა. დავით ყიფიანი საქართველოს ყველაზე დიდი ფეხბურთელი იყო და ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი „ფლეიმეიქერი“... როგორც მინიმუმ, ყველა ბედნიერია, ვისაც მისი თამაში ერთხელ მაინც უნახავს.

პირველი ტიტული „დინამოსთან“ ერთად საბჭოთა კავშირის თასი იყო 1976 წელს. 1977 წელს „დინამო“ უეფას თასზე მილანის „ინტერს“ დაუპირისპირდა. მატჩის დასრულებამდე 10 წუთზე ოდნავ მეტი რჩებოდა, დავით ყიფიანმა ჯაჩინტო ფაკეტის ბურთი მოპარა, კარისკენ დაიძრა, საჯარიმოში შევიდა და მარჯვენა ფეხით ძლიერად დაარტყა. „ნერაძურის“ მეკარე ბორდონი ვერაფერს გახდებოდა. ეს გამარჯვების, გადამწყვეტი გოლი იყო. მატჩის შემდეგ ფაკეტის ჟურნალისტებმა კითხეს, რატომ ითამაშა პასიურად და რატომ არ დაარღვია თამაშის წესი მეტოქის წინააღმდეგ მიუხედავად იმისა, რომ ბოლო კაცი იყო.

„ასეთი დიდებული ფეხბურთელის წინააღდეგ თამაშის წესის დარღვევა უზნეობა იქნებოდა“ - უპასუხა ასევე დიდებულმა ფაკეტიმ.

ბოლოსკენ, ყიფიანის შესახებ ქართველი სპორტული ჟურნალისტი თენგიზ პაჭკორია საუბრობს:

„ყიფიანმა ფეხბურთი სპორტიდან ხელოვნების დონეზე გადაიყვანა. ხალხი მასზე გიჟდებოდა, ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც სტადიონზე უშუალოდ მის სანახავად დადიოდნენ და დათო მათ აბედნიერებდა, რადგან სხვა ყველა ფეხბურთელისგან განსხვავდებოდა".

ასე დასრულდა რემო განდოლფის ნაამბობი ქართული ფეხბურთის ისტორიულ დღესა და ისტორიულ ფეხბურთელზე...

0.067197