ჩოგბურთი

17:45 | 2.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილის მცირე გმირობა უიმბლდონზე
ქართველმა ჩოგბურთელმა ბრიტანელ უორდს ორსეტიანი ჩამორჩენა “ამოუქაჩა”

27 ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მცირე გმირობა ჩაიდინა და უიმბლდონის პირველ წრეში გამარჯვება მას შემდეგ მოახერხა, რაც საწყისი 2 სეტი დათმო, ეს კი, მის კარიერაში პირველად მოხდა.

შეგახსენებთ, რომ ნიკას მეტოქე 32 წლის ბრიტანელი ჯეიმს უორდი გახლდათ, რომელთან დაპირისპირებაც სამ საათსა და 31 წუთს გაგრძელდა და ჩვენებურმა 2:6, 4:6, 6:4, 6:4, 8:6 მოიგო.

როგორც ხედავთ, მე-18 ნომრად განთესილმა ბასილაშვილმა სუსტად დაიწყო და 2 სეტის წაგების შემდეგ, მე-3 სეტის სტარტზეც ბრეიკით ჩამორჩა, თუმცა, შემდეგ სრულად გარდაიქნა, შეცდომებს მოუკლო და მე-5 სეტში 5:4-ზე, კორტზე მატჩზე ჩასაწოდებლად გავიდა.

სამწუხაროდ, იმ მომენტში თამაშის დასრულება არ მოხერხდა და ნიკა გადამწყვეტ სეტში 5:6 ჩამორჩა, თუმცა, მობილიზება კიდევ ერთხელ შესძლო და ზედიზედ 3 გეიმის მოგებით საქმე სათავისოდ დაასრულა.

განვლილ მატჩში ბასილაშვილს 7 ეისი და 7 ორმაგი შეცდომა მოუგროვდა, მეტოქეს კი, შესაბამისად, 19 და 5. ნიკოლოზს პირველ მოწოდებაზე 63%-ანი მაჩვენებელი ჰქონდა, საიდანაც სათავისოდ 72% (70 97-დან) დაასრულა, მე-2 მოწოდებაზე კი 52%-ანი შედეგი (30 58-დან) აღმოაჩნდა.

საქართველოს პირველმა ჩოგანმა 16-დან 5 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა და თავადაც მოწოდება 5-ჯერ დათმო (უორდის აქტივში 11 ბრეიკ-პოინტი გახლდათ).

უიმბლდონის მე-2 წრეში ბასილაშვილის მეტოქე კიდევ ერთი ბრიტანელი, დანიელ ევანსი იქნება, რომელმაც დღესვე არგენტინელ ფედერიკო დელბონისს 6:3, 7:6 (7:5), 6:3 სძლია.

ეს უკანასკნელი მსოფლიო რეიტინგში 61-ე ადგილზე იმყოფება, საუკეთესო პერიოდი კი 2017 წლის მარტში ჰქონდა, როდესაც 41-ე პოზიციას უწია. ნიკოლოზი 29 წლის ბირმინგემელს კარიერაში პირველად გაეჯიბრება.

ვთქვათ ისიც, რომ ATP-ს “ლაივ-რეიტინგში” ბასილაშვილი 1995 ქულით მე-15 ადგილზე დარჩა, თუმცა, მის წინ მყოფ ამერიკელ ჯონ ისნერს მხოლოდ 10 ქულითღა ჩამორჩება. ამ უკანასკნელს დღეს ნორვეგიელ კასპერ რუუდთან ჭიდილი ელის.

0.118269