ფეხბურთი

13:30 | 30.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

დავით პეტრიაშვილი არენაზე ფეხბურთის ექიმთა სემინარი გაიმართა

27-29 ივნისს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით და ფეხბურთის განვითარების ფონდის დაფინანსებით “დავით პეტრიაშვილი არენაზე” საფეხბურთო კლუბებსა და ეროვნულ ნაკრებებში დასაქმებული ექიმებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო სემინარი გაიმართა.

სამი დღის განმავლობაში სემინარის მონაწილე 35 ექიმმა თეორიული და პრაქტიკული სწავლებით საფეხბურთო პრაქტიკაში გადაუდებელი სამედიცინო მდგომარეობების მართვის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.

სემინარის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს უეფასა და სფფ-ისგან სერტიფიკატი გადაეცათ. ამასთან ერთად, წარმატებულმა კურსდამთავრებულებმა ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი სერტიფიკატი მიიღეს, რომელსაც კლუბები ლიცენზირების პროცესში გამოიყენებენ.

კურსდამთავრებულებს კუთვნილი სერტიფიკატები სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა, ზაზა დოლიძემ გადასცეს.

ალექსანდრე იაშვილი - სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი: “განათლება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ამ კუთხით ჩვენ რამდენიმე პროექტს ვახორციელებთ, რადგან განათლების გარეშე ფეხბურთის განვითარება წარმოუდგენელია. აუცილებელია, რომ თითოეულ რგოლში პროფესიონალი და საკუთარი საქმის მცოდნე კადრები გვყავდეს.”

მერაბ ვარძუკაშვილი - კურსის ხელძღვანელი: “ექიმები ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულნი როგორც სალექციო ისე პრატქიკულ სწავლებაში. კურსის მონაწილეები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ აკრედიტირებულ სერტიფიკატს მიიღებენ, ამასთან ერთად მათ უეფას დასწრების სერტიფიკატი გადაეცემათ. აღსანიშნავია, რომ სასწავლო კურსი უეფას მიერაა აკრედიტირებული. ანალოგიური სასწავლო პროგრამა მომავალ წელსაც ჩატარდება.

ზაზა დოლიძე - ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელძღვანელი: “ექიმების გადამზადების კუთხით ეს უკვე მეორე სემინარია, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის თანამშრომლობით იმართება. მოხარულები ვართ, რომ ეს პროექტი ხორციელდება, ინტერესი საკმაოდ დიდია და დარწმუნებული ვარ მომავალში მონაწილეთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.”

დიმიტრი ზაალიშვილი - კურსის მონაწილე: “მსაგვსი სემინარები სფეროში მომუშავე ექიმებს საშუალებას გვაძლევს, რომ ახალი და საინტერესო გამოცდილება მივიღოთ, რომელიც ყოველდღიურ საქმიანობაში გამოგვადგება. ამ კურსზე პირველადი და გადაუდებელი დახმარების შესახებ მივიღეთ ინფორმაცია, ეს კი, მომავალში საშუალებას მოგვცემს, რომ ასეთ სიტუაციებში სპორტსმენის ჯანმრთელობა და სიცოცხლე შევინარჩუნოთ.”

www.gff.ge

0.120267