ფეხბურთის ფედერაციაში აღმასკომის სხდომა გაიმართა, სადაც რამდენიმე თემაზე იყო საუბარი. აღმასკომის წევრებმა განიხილეს კლუბების ფინანსური დახმარების საკითხი. როგორც გაირკვა, სფფ უეფას რეკომენდაციით კრედიტს აიღებს. დახმარებას მიიღებენ როგორც მუნიციპალიტეტის მფარველობის ქვეშ მყოფი კლუბები, ასევე კერძო კლუბები.
“რამდენიმე თემაზე ვისაუბრეთ. სხდომაზე გადაწყდა, რომ ფეხბურთის ფედერაცია დაეხმარება ქართულ კლუბებს. კონკრეტულ თანხებზე ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა დახმარებას მიიღებს როგორც უმაღლესი ლიგის ასევე პირველი ლიგის კლუბები. დაჩაგული არ დარჩებიან კერძო კლუბები, რადგან სხვა კლუბების მსგავსად მათაც დაეხმარება ფედერაცია.”
“დაკავებულ მსაჯთა დაკავშირებით ბევრი ვისაუბრეთ, დასკვნის გამოტანას ამ ეტაპზე არ ვაპირებთ, ჩვენ მზადყოფნას გამოვთქვამთ გამოძიებასთან თანამშრომლობის შესახებ და ველოდებით გამოძიების დასრულებას” – განაცხადა ზვიად სიჭინავამ.
ზაფხულში მიღებული გადაწყვეტილება, 16 გუნდიანი ჩემპიონატის შექმნის თაობაზე, კლუბების მძიმე ფინანასური კრიზისიდან გამომდინარე ლოგიკური არ არის. შიმშილის ზღვარზე მყოფი კლუბები დასტურია იმისა, რომ ფედერაციამ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან მათ უნდა სცოდნოდათ კლუბების ფინანსური მდგომარეობის შესახებ და ამის შემდეგ ეფიქრათ ეროვნულ ჩემპიონატში კლუბების დამატებაზე
რაოდენობის გაზრდა გამოსავალი ვერ იქნება, როცა კლუბებს ელემენტარული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა არ აქვთ. გასულ სეზონშიც კი კლუბების დიდი ნაწილი უფულობას სჩიოდა. ფედერაცია უნდა ზრუნავდეს ხარისხის გაზრდაზე, თუმცა მათ ფინანასურად გაჭირვებული კლუბები არასპორტული პრინციპით დააწინაურეს უმაღლეს ლიგაში. მხოლოდ ფინანასურად ძლიერ კლუბებს შეუძლიათ უმაღლეს ლიგაში სათამაშო ხარისხი გაზარდონ, თუმცა ჩვენი ფეხბურთის მამები სხვაგვარად ფიქრობენ.
დიმა შარიქაძე