საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მეორე ევროპული თამაშები ოთხი მედლით ჩაამთავრა. გივი მაჭარაშვილის (125 კგ) ვერცხლსა და ავთანდილ კენჭაძის (74 კგ) ბრინჯაოს დღეს ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (65 კგ) ვერცხლი მიამატა, ხოლო ელიზბარ ოდიკაძემ (97 კგ) - ბრინჯაო.
ოლიმპიურ, მსოფლიოსა და ევროპის სამგზის ჩემპიონ ხინჩეგაშვილს ევროპული თამაშების პირველ უმაღლეს ტიტულამდე ერთადერთი გამარჯვება დააკლდა - ფინალში აზერბაიჯანელ ჰაჯი ალიევთან წააგო (2:10). ალიევთან შეხვედრამდე უხვტიტულა ქართველმა ბელარუსულ ხალიჩაზე ორი მეტოქე ჩამოიშორა: მოლდოველ ანდრეი პერპელიცას (4:1) და რუსეთის ნაკრების წევრ ახმედ ჩაკაევს (8:2).
ელიზბარ ოდიკაძემ (97 კგ) ძირითად ბადეში სომეხი სარგის ჰოვსეპიანის ძლევის (13:2) მერე, მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ ნურმაგომედ გაჯიევთან დამარცხდა (3:7) და რეპეშაჟში გადაერთო. ბრინჯაოს გზაზე დღეს ჯერ პოლონელ რადოსლავ ბარანს აჯობა (3:2), ხოლო შემდეგ - უკრაინის სახელით მოჭიდავე მურაზ მჭედლიძეს (5:0).
საქართველოს ნაკრების წევრთაგან ევროპულ თამაშებზე უმედლოდ მხოლოდ ლაშა ლომთაძე (57 კგ) და სანდრო ამინაშვილი (86 კგ) დარჩნენ, თუმცა საერთო გუნდური ჩათვლისთვის საჭირო ქულები მათაც აიღეს და გიორგი იანტბელიძის გაწვრთნილმა გუნდმა 78 ქულით მესამე ადგილი დაიკავა. პირველ და მეორე ადგილებზე რუსეთი (130) და აზერბაიჯანი (110) გავიდნენ.
ხვალიდან ხალიჩები ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებს დაეთმობათ და სამ წონით კატეგორიაში: 60, 67 და 77 კილოგრამებში წინასწარი ეტაპისა და ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართება. საქართველოს სახელით ევროკონკურენციაში ჩაებმებიან: დავით ჩხარტიშვილი (60 კგ), შმაგი ბოლქვაძე (67 კგ) და გელა ბოლქვაძე (77 კგ).