ფეხბურთი

23:54 | 25.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმის "დინამომ" საჩუქარი სანახევროდ შეირგო - "ტორპედო" ბრძოლას აგრძელებს

ბათუმის „დინამომ“ „საბურთალოს“ წაფორხილებით ვერ ისარგებლა - უფრო სწორად, ნაწილობრივ ისარგებლა. საქმე ისაა, რომ XX ტურის საწყის შეხვედრაში „საბურთალო“ („ლოკომოტივთან“ ხელმოცარული დარჩა და „დინამოს“ შეეძლო გამარჯვების შემთხვევაში მისთვის ორი ქულით გაესწრო, ხოლო ფრე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ორხელისუფლიანობას დაამყარებდა.

ბათუმში კი ცხადია კვლავ იყო ლამაზი საფეხბურთო საღამო, სხვადასხვა სასიამოვნოდ სანახავი პერფორმანსებით. თამაშიც საინტერესო გამოდგა და საერთოდ, ბათუმში ყოველთვის ლამაზი, დაძაბული და დრამატული მატჩები ტარდება ხოლმე და ალბათ არ იქნება გასაკვირი თუ ამას სავსე ტრიბუნებს დავუკავშირებთ. ვინაიდან, ბუნებრივია, ერთია მაყურებლის წინაშე თამაში და მეორე - ცარიელი ტრიბუნების წინაშე.

„ტორპედოს“ პრობლემების დასრულებას კი, ბოლო არ უჩანს. კახა ჩხეტიანის გუნდი აჭარაში მეტად შესუსტებული შემადგენლობით ჩავიდა, თავად განსაჯეთ, იმერელთა სათადარიგო სკამზე მხოლოდ 4 ფეხბურთელი იყო და მათ შორის, სამი ახალგაზრდული გუნდიდან დაწინაურებული. ლოგიკურია, ამის ფონზე „ტორპედოსთვის“ „დინამოსთან“ ქულაც კარგი შედეგი იქნებოდა. არადა, მიმდინარე სეზონში ქუთათურებს გია გეგუჩაძის გუნდი ორჯერვე ჰყავდა დამარცხებული და საერთოდ, ბოლოს 2016 წელს ჰქონდა წაგებული „ტორპედოს“ „დინამოსთან“.

დღევანდელი მატჩი კი სტუმრების აქტივობით და სწრაფი გოლით დაიწყო. შესაშურ ფორმაშია ნოდარ ქავთარაძე, რომელმაც კვლავ გამოიჩინა თავი და კვლა ეფექტური დარტყმით. თუმცა, გაშვებულმა გოლმა გეგუჩაძის გუნდი გამოაფხიზლა და „დინამომ“ შეტევებისთვის მოიცალა, რამაც შედეგი მალევე გამოიღო. ჯერ იყო და ჯოვინო ფლამარიონმა პენალტით გაათანაბრა, ხოლო ცოტა ხანში ფანტასტიკური კონბინაცია გოლით დასრულდა.

გიორგი ნავალოვსკი - ნიკოლოზ საბანაძე - გაბრიელ რამოსი: ხსენებული სამეულის ჩინებულად გათამაშებული კომბინაცია ბრაზილიელის გოლით დასრულდა და საერთოდ, ისეთი ლამაზი და ეფექტური იერიში იყო, გოლით დაგვირგვინება რომ შეშვენიდა. „დინამო“ დაწინაურდა და ანტრაქტამდე არც არაფერი შეცვლილა.

თითქოს, მეორე ნახევარში მასპინძლებს უპირატესობის განმტკიცებაზე უნდა ეფიქრათ, მაგრამ არ გამოვიდა. მეტიც, ანგარიშიც ვერ შეინარჩუნეს, რადგან 65-ე წუთზე ლევან გეგეჭკორმა გაისროლა შორი დისტანციიდან. გოლი ლამაზი გამოვიდა, თუმცა, მიხეილ ალავიძეც ვერ გაისარჯა მისთვის დამახასიათებლად, მაღალ დონეზე. დარჩენილ 25 წუთში კი, მცდელობისა და საგოლე შანსების მიუხედავად ბათუმელებმა გამარჯვების გოლი, რომელიც ლიდერის პოზიციის მომტანი იქნებოდა, ვერ გაიტანეს.

შედეგად, „საბურთალოსა“ და ბათუმის „დინამოს“ 39-39 ქულა მოუგროვდათ, ხოლო „ტორპედო“ 34 ქულით მეოთხეა. სხვათა შორის, ამასობაში „დინამო თბილისს“ დიდებული შანსი გაუჩნდა, რადგან მეოცე ტურში თავის მატჩშ თუ მოიგეს, ლიდერ დუეტთან ჩამორჩენა სულ რაღაც კინკილა ქულა იქნება.

„დინამო“ (ბთ) – „ტორპედო“ 2:2 (2:1)

გოლები: 0:1 ქავთარაძე (9), 1:1 ჯოვინო (21, პენ), 2:1 რამოსი (30), 2:2 გეგეჭკორი (65)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111447