ფეხბურთი

15:58 | 24.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლოსკოვი: კვარაცხელია ქართველებს არ ჰგავს, ვარჯიშებზე ბოლომდე იხარჯება და ფეხბურთის თამაში უნდა"

მოსკოვის „ლოკომოტივის“ ლეგენდა დმიტრი ლოსკოვი, რომელიც ამჟამად „რკინიგზელთა“ სამწვრთნელო შტაბში მუშაობს, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საუბრობს და აქებს.

ლოსკოვის აზრით, კვარაცხელია ქართველებს არ ჰგავს და ვარჯიშებზე ბოლომდე იხარჯება. რუსი მწვრთნელი მიიჩნევს, რომ 18 წლის ფეხბურთელს ყველაფერი აქს, რომ დიდი ფეხბურთი ითამაშოს.

„ხვიჩა არატიპური ქართველია. ჩვეულებრივ ქართველები მოედანზე ზარმაცები არიან, ცუდი გაგებით არა. ხვიჩას კი ფეხბურთის თამაში უნდა. ის ვარჯიშებზე ბოლომდე იხარჯება და კარგად მუშაობს, ფიზიკურად და ტექნიკურად საოცარი არსენალი და პოტენციალი აქვს, ორივე ფეხით კარგი დარტყმა აქვს, ჩვენთან არის რამდენიმე მეკარე, რომლებსაც მისი დარტყმის დროს ტირის. გარდა ამისა, შეუძლია ორ-სამ პოზიციაზე თამაში. მოსამზადებელ ეტაპზე, საყრდენის პოზიციაზეც ითამაშა, ისევე, როგორც ფლანგზე და ცენტრალურ თავდამსხმელად.

კვარაცხელია მხოლოდ 18 წლისაა და თუ ასე გააგრძელებს, კარგ ფეხბურთს ითამაშებს. საერთოდაც, როდესაც ჩვენთან მოვიდა სრულწლოვანიც არ იყო და ამის გამო მარბელიაში ვერ წავიყვანეთ. მას შეუძლია საკუთარ თავზე მუშაობა და მხოლოდ ფეხბურთზე უნდა იფიქროს, რადგან მოსკოვი დიდი ქალაქია და შესაძლოა ჩაიკარგოს. ყველას არ შეუძლია დიდი ქალაქის ცხოვრებასთან გამკლავება. თუმცა, ვფიქრობ, ამ კუთხით კვირკველიაც უნდა დაეხმაროს“, - თქვა ლოსკოვმა.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია „ლოკომოტივს“ ზამთარში იჯარით შეუერთდა და გასულ სეზონში ჩატარებულ 10 მატჩში 1 გოლის გატანა შეძლო. ჩვენებური გახდა 21-ე საუკუნეში დაბადებული პირველი ფეხბურთელი, რომელმაც რუსულ პრემიერლიგაში გოლი გაიტანა.

აქვე გეტყვით, რომ ლოსკოვმა კომენტარი სოლომონ კვირკველიას შესახებაც გააკეთა და თქვა, რომ ქართველი მცველი ინგლისში სათამაშოდ მზად არაა.

0.128132