სხვა

14:45 | 24.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინი ოძეკია, გაგამარუ მაკუუჩის მიუახლოვდა

იაპონიის სუმოს ასოციაციამ განახლებული რეიტინგი იგივე ბანძუკე გამოაქვეყნა, რომელმაც ქართველებისთვის სასიკეთო შედეგები მოიტანა.

როგორც უკვე ცნობილი გახლდათ, ოძეკის წოდება დაიბრუნა ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილმა ლევან გორგაძემ. ქართველმა სეკიტორმა გასულ სუპერტურნირზე ესოდენ საჭირო 10 გამარჯვება დააფიქსირა და დასავლეთის მე-2 ოძეკის ტიტული მიიღო.
ამგვარად, კლასიფიკაციაში მის წინ მხოლოდ 5 სუმოისტიღაა: იოკოძუნები კაკურიუ და ჰაკუჰო, ასევე ოძეკები – გოეიდო, ტაკაიასუ და ტაკაკეიშო.
ბარემ აქვე ვთქვათ, რომ მაისის ბაშოზე გამარჯვების მიუხედევად, სანიაკუში (პირობითი კატეგორია, რომელშიც 4 უმაღლესი წოდების – იოკოძუნა, ოძეკი, სეკივაკე, კომუსუბი – მქონე სუმოისტები არიან გაერთიანებულნი) ვერ მოხვდა ასანოიამა.
იაპონელი სეკიტორი ჰირამაკუს (კატეგორია, სადაც რიგითი მაეგაშირები არიან გაერთიანებულნი) უმაღლეს პოზიციაზე აღზევდა და მოახლოებულ შეჯიბრს აღმოსავლეთის პირველი მაეგაშირას წოდებით შეხვდა.
სოლიდური წინსვლა განიცადა თეიმურაზ ჯუღელმა იგივე გაგამარუმ, რომელიც ახალ ბანძუკეში ერთბაშად 4.5 საფეხურით აღზევდა და ივლისის სუპერტურნირს ჯურიოში დასავლეთის მე-2 ნომრით ხვდება.
ეს იმას ნიშნავს, რომ ქართველ გოლიათს ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში დასაბრუნებლად, სადაც მას არაერთი წელი აქვს გატარებული, შესაძლოა, მინიმალური დადებითი ბალანსი ანუ კაჩი-კოში (8 გამარჯვება) ეყოს.
შეგახსენებთ, რომ მოახლოებული ნაგოია ბაშო 7-21 ივლისს ჩატარდება.

0.168691