კალათბურთი

22:37 | 19.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

“ზაზას აკადემია” 16-წლამდელთა საქართველოს ჩემპიონია

“ზაზას აკადემია” საქართველოს ჩემპიონია. 16-წლამდელთა პირველობის ფინალური სერიის მე-5, გადამწყვეტ მატჩში უილ სმიტისა და ნიკა ნიბლაძის გაწვრთნილმა გუნდმა “ჰიუნდაი” დაამარცხა და ქვეყნის საუკეთესო გუნდის ტიტული მოიპოვა.

ფინალურ სერიაში ანგარიში თანაბარი – 2:2 გახლდათ და რომელი გუნდიც გადამწყვეტ მატჩს მოიგებდა, ჩემპიონი ხდებოდა. მატჩი ისეთი დაძაბული გამოვიდა, ნებისმიერ ფინალს დაამშვენებდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია მაყურებელთა სიმრავლე და ოლიმპიურ სასახლეში არსებული ემოციური ატმოსფერო. ორივე გუნდის გულშემატკივარი დარბაზში მრავლად იყო და მოედანზეც ნამდვილი ბრძოლა გაჩაღდა.

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. პირველი პერიოდი თანაბარი გამოდგა და ფრედ დასრულდა – 14:14. მეორე ათწუთეულში ზაზას აკადემიელთა უპირატესობა გამოიკვეთა და გუნდმა დიდი შესვენებისთვის 9-ქულიანი ლიდერობა მოიპოვა. მესამე პერიოდიდან “ჰიუნდაიმ” უმაღლესი დონის კალათბურთი ითამაშა და 11-ქულიანი ჩამორჩენა 6-ქულიან ლიდერობად აქცია. ირაკლი და ნიკოლოზ ჩერქეზიშვილებისა და ლაშა ელბაქიძის გაწვრთნილმა ჰიუნდაელებმა მე-3 პერიოდის ბოლო 7-ქუთიანი მონაკვეთი 20:3(!) მოიგეს და დასკვნითი ათწუთეულის წინ 44:38 დაწინაურდნენ.

ასეთი ჩავარდნის შემდეგ დიდად მნიშვნელოვანი იყო, როგორ გააგრძელებდა “ზაზას აკადემია” თამაშს. აკადემიელებმა დაცვა გაამაგრეს და სრული მობილიზებით ჩაატარეს დარჩენილი მეოთხედი. სანდრო კუხალაშვილის, გიორგი მახნიაშვილისა და ნუგზარ ბოჭორიშვილის ქულებით “ზაზამ” ლიდერობა არასრულ 2 წუთში დაიბრუნა (45:44) და თამაში თანაბარ კალაპოტს დაუბრუნდა. კვანძი ბოლო წუთებზე გაიხსნა, როცა ზაზას აკადემიელებმა გუჯა ხვედელიძის და კუხალაშვილის ქულებით მატჩის დასრულებამდე წუთნახევრით ადრე 6-ქულიანი ლიდერობა მოიპოვეს – 59:53. “ზაზას” მოთამაშეებმა თამაში მშვიდად მიიყვანეს გამარჯვებამდე და ჩემპიონობაც იზეიმეს.

პრიზიორი გუნდები მედლებითა და სიგელებით საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა დააჯილდოვა. 16-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებული გუნდისთის დაწესებული ცნობილ კალათბურთელთა – ვლადიმერ უგრხელიძისა და ვალერი ალთაბაევის სახელობის თასი აკადემიელებს ვეტერანმა კალათბურთელებმა – ანტონ კაზანჯიანმა და გივი ბიჭიაშვილმა უსახსოვრეს. გამარჯვებული გუნდისთვის დაწესებული ახალი, საჩემპიონო, გარდამავალი თასი კი “ზაზას” კაპიტან გიორგი ხურციძეს ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა გადასცა.

www.gbf.ge

0.115171