სხვა

22:03 | 19.06.2019 | ნანახია 727 - ჯერ

სანდრო ბაზაძე ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია!

ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

სანდრომ ხმლით მოფარიკავეთა შეჯიბრში ზედიზედ 9 (!) გამარჯვება იზეიმა, ნახევარფინალში კი რუს კამილ იბრაგიმოვთან (ევროპის ჩემპიონატების ვერცხლისა და ორჯერ ბრინჯაოს პრიზიორი, მსოფლიოს ჩემპიონატების ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი, FIE-ს რეიტინგში მე-6 ადგილოსანი) 11:15 დამარცხდა.

ბაზაძემ პლეი-ოფის მე-2 რაუნდში თანამემამულე მიხეილ მარდალეიშვილს 15:12 სძლია, შემდეგ კი უნგრელებს ტამაშ დეკშსა (15:8) და ანდრას სზატმარის (15:10) აჯობა.

საბოლოო ჯამში, სანდრომ ევროპული ბრინჯაო ზედიზედ მესამედ მოიპოვა, რაც უდავოდ დიდი წარმატებაა.

ვთქვათ ისიც, რომ ხსენებულმა მარდალეიშვილმა პლეი-ოფის საწყის წრეში ფრანგ მაქსინს ლამბერტს 15:14 მოუგო, ნიკა შენგელიამ ისლანდიელ ანდრი ნიკოლაესონ მატეევს 15:10 აჯობა, შემდეგ კი, რუს დმიტრი დანილენკოსთან 8:15 დამარცხდა.

რაც შეეხება ბექა ბაზაძეს, მან უკრაინელი იური ცაპი დაჯაბნა (15:9), რასაც იტალიელ ენრიკო ბერესთან წარუმატებელი ორთაბრძოლა მოჰყვა - 12:15.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:41 | 20.06.2019
KoRBeN DaLLaS (24838)

შექება ეკუთვნის სანდროსაც და მთლიანად გუნდსაც.
ჯგუფური ეტაპი ყველამ დასძლია და პლეიოფის პირველი რაუნდიც. 4 მოფარიკავით 32 საუკეთესოში მოხვედრა ნაღდად არაა ურიგო შედეგი.

07:18 | 20.06.2019
shalvinio (1505)

გილოცავ სანდრო, ოლიმპიური მედალი მოგველოცოს.

0.116167