კალათბურთი

15:07 | 19.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

გოგა ბითაძემ ბოლო საჩვენებელი ვარჯიში “შარლოტში” ჩაატარა

19 წლის ქართველმა კალათბურთელმა გოგა ბითაძემ NBA-ს 2019 წლის დრაფტამდე საჩვენებელი სერია დაასრულა. შეგახსენებთ, რომ ქართველმა ცენტრმა პირველი “ვორქაუთი” “სან ანტონიო სპურსში” გაიარა, შემდეგ იყო “ატლანტა ჰოუქსი”, “ბოსტონ სელტიქსი” და “დეტროიტ პისტონსი”, ბოლოს კი, გოგამ “შარლოტ ჰორნეთსთან” ერთად ივარჯიშა.

გასული წვრთნების მსგავსად, ბითაძის შარლოტური ვარჯიშების დროსაც ძირითადი აქცენტი შორეულ ტყორცნებზე კეთდებოდა. გოგამ “ჰორნეთსში” ყოფნის დროსაც დაამტკიცა, რომ ჩინებული სამქულიანი ტყორცნა აქვს. მისი კომენტარიც სწორედ აღნიშნული კომპონენტის დახვეწას ეხებოდა.
“ამ მხრივ, ჯერ კიდევ ქართველმა მწვრთნელებმაც ბევრი რამ მასწავლეს. მათ სწორი მიმართულებები მომცეს, რათა ტყორცნა დამეხვეწა, თუმცა, ამის შემდეგაც ბევრი ვიშრომე და ვფიქრობ, ახლა, ეს მიფასდება. ყოველთვის ვგრძნობდი, რომ საშუალო თუ შორეული დისტანციიდან დამაჯერებლად სროლა შემეძლო”.
შეგახსენებთ, რომ მოახლოებული დრაფტი 21 ივნისის დილას, თბილისის დროით 03:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტრანსლაციას “სილკ უნივერსალი” გეგმავს. წინასწარი ინფორმაციით, გოგა ბითაძე მოწინავე თხუთმეტელში უნდა იყოს არჩეული.

0.123283