ჭიდაობა

22:55 | 18.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

მათე გოქაძემ ევროპული ოქრო რუსთან გასეირნებით მოიპოვა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრებმა იტალიის ქალაქ ფაენცაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი ორი მედლით გახსნა. მათე გოქაძე (110 კგ) ევროპის ჩემპიონი გახდა, დიმიტრი ხაჩიძემ (55 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.

გოქაძემ ოქროს მედლისთვის ბრძოლაში 8:0 დაამარცხა რუსეთის ნაკრების წევრი საიდ მუსაევი. საჩემპიონო ბრძოლამდე ქართველმა მძიმეწონოსანმა სამი მეტოქე ჩამოიშორა: უნგრელი ადოლფ ბაზო, ბელარუსი ილია შუმჩიკი და თურქი ომერ აიგული.

დიმიტრი ხაჩიძემ ძირითად ბადეში გამოსვლა მერვედფინალში დაასრულა და ბრინჯაოს გზაზე სამი შეხვედრის ჩატარება მოუწია. დღეს, დილის პროგრამაში მან ნორვეგიელი კასპერ ოევერბი და გერმანელი აარონ ბელშიდტი ჩამოიშორა. „ბრინჯაოს ფინალში“ კი უკრაინელ ედუარდ სტრილჩუკს აჯობა (5:1).

ნიკოლოზ მარგველაშვილს (65 კგ) პოდიუმამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა - რეპეშაჟის ფინალში აზერბაიჯანელ ხასაი ჰასანლისთან დამარცხდა და მეხუთე ადგილს დასჯერდა.

ხვალ მედლების ბოლო ხუთი კომპლექტი გათამაშდება. საქართველოს ნაკრებს კი კიდევ ერთი ოქროს და ორი ბრინჯაოს მოპოვების შანსი აქვს. დათა ჩხაიძემ (71 კგ) ბელარუს ალექსეი პიახოტას, უნგრელ გიულა ჰორვატსა და შვედ სიმონ კრისტერ ბორკენჰაგენს მოუგო და ფინალში მოლდოველ ალექსანდრინ გუტუს დაეჭიდება. ნიკა ბროლაძე (60 კგ) და კოტე სიჭინავა (92 კგ) კი ბრინჯაოს მედლებისთვის აგრძელებენ ბრძოლას.

0.119283