მრავალწლიანი პროფესიონალური სამთო-სათხილამურო მოღვაწეობის შემდეგ, საქართველოს სამთო-მოთხილამურეთა ნაკრების წევრებმა: იასონ აბრამაშვილმა და ალექსი ბენიაიძემ კარიერის დასრულება გადაწყვიტეს.
31 წლის იასონ აბრამაშვილი ბაკურიანელია. იასონი თხილამურებზე 2 წლიდან დგას. FIS-ის საერთაშორისო შეჯიბრებებზე კი 2003 წლიდან ასპარეზობდა. საქართველოს პირველმა სამთო-მოთხილამურემ ამ პერიოდში ბევრ წარმატებას მიაღწია. იასონი 4-გზის ოლიმპიელია. (ტურინი 2006, ვანკუვერი 2010, სოჭი 2014 და პიონგჩანგი 2018). იასონმა სოჭის ოლიმპიადაზე სლალომში 22-ე ადგილი დაიკავა, რაც საქართველოს სამთო-სათხილამურო სპორტის ისტორიაში სლალომის სახეობაში პირველი შემთხვევა იყო. იასონმა 7 მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზა. მისი საუკეთესო შედეგი 2007 წლის არეს მსოფლიო ჩემპიონატზე 28-ე ადგილი იყო. იგი საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი, მრავალი საერთაშორისო შეჯიბრის გამარჯვებული და პრიზიორია. მან 2018/19 წლის სეზონის დასრულების შემდეგ კარიერის დასრულება გადაწყვიტა. ამჟამად იასონი საქართველოს ბავშვთა სამთო-სათხილამურო ნაკრების მწვრთნელია.
28 წლის ალექსი ბენიაიძე კი გუდაურში გაიზარდა, თხილამურებზე 5 წლიდან დგას. 2007 წლიდან ალექსი FIS-ის საერთაშორისო შეჯიბრებებზე რეგულარულად ასპარეზობდა. ალექსი 2014 წლის სოჭის ოლიმპიადის მონაწილეა, მან მსოფლიო ჩემპიონატებზე 6-ჯერ მიიღო მონაწილეობა. მისი საუკეთესო შედეგი 2009 წელს ვალ დიზერში 35-ე ადგილი იყო. ალექსი საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორია, ასევე მრავალი საერთაშორისო შეჯიბრების გამარჯვებული და პრიზიორი. ალექსიმ 2018-2019 წლის ზამთრის სეზონის შემდეგ კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.
იასონმა და ალექსიმ დრო გამონახეს და რამდენიმე კითხვაზე გვიპასუხეს:
- იასონ რას ნიშნავდა შენთვის სპორტსმენობა - მოთხილამურეობა?
სპორტსმენობა და სათხილამურო სპორტი იყო წლების მანძილზე უმთავრესი საქმე, რომელიც მიყვარდა და სიამოვნებას მანიჭებდა. ფაქტიურად ახალგაზრდობის უმეტესი ნაწილი ამ სპორტს მივუძღვენი. სპორტი არის ასევე ურთიერთობა, სადაც უამრავ დადებითს სწავლობ ცხოვრებაში.
- ყველაზე კარგად რომელი წარმატება გახსენდება?
არაერთი საერთაშორისო შეჯიბრის გამარჯვებული და პრიზიორი ვარ, თუმცა ყველაზე დასამახსოვრებელი 2013 წელს გერმანიაში სლალომში გამარჯვება იყო, ეს იყო FIS-ის შეჯიბრი, რომელიც საკმაოდ რეიტინგული იყო. ასევე გამოვყოფდი 2013 წლის სანტ-მორიცის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო დაშვებას, სადაც მე-5 ადგილი დავიკავე. ათიათასი მაყურებლის წინაშე საუკეთესო ექვსეული დაგვაჯილდოვეს, რაც საკმაოდ ემოციური იყო.
- რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება?
სპორტულ კარიერაში სამჯერ მქონდა პაუზა სხვა და სხვა დროს. ამ სპორტის მონატრება, სიყვარული იმდენად დიდი იყო, რომ სიხარულით დავუბრუნდი და 20 წლის განმავლობაში საყვარელ საქმეს პროფესიონალურ დონეზე ვემსახურე. ამ დროის მანძილზე ოთხ ოლიმპიურ თამაშებზე, შვიდ მსოფლიო ჩემპიონატზე და რამდენიმე ასეული საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს სახელით ვიასპარეზე, რაც ყოველთვის მეამაყებოდა. რაც შეეხება კარიერის დასრულებას, ამჯერად შეგუებული ვიყავი რომ თავს ვანებებდი. 2019 წლის თებერვალში მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის შემდეგ მრავალწლიანი სპორტული კარიერა დავასრულე.
- იასონ, რას გეგმავ მომავალში?
ისევ ამ სპორტის გარშემო მაქვს მომავალი გეგმები. ამჟამად ახალგაზრდულ გუნდს აქტიურად ჩავუდექი სათავეში. ვართ მომავალი თაობის შერჩევის პროცესში. ასევე ვაპირებ სულ მალე სათხილამურო სკოლის შექმნას, სადაც იმედი მაქვს წარმატებული მოთხილამურეები გაიზრდებიან.
- დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, წარმატებებს გისურვებთ!
დიდი მადლობა თქვენ! გვერდში დგომისთვის მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს ოჯახს, მწვრთნელებს, თანაგუნდელებს, საქართველოს სათხილამურო ფედერაციას, სპორტის სამინისტროს, საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტს, ასევე დიდი მადლობა გენერალურ სპონსორს - ,,სილქნეტს“ და მის ხელმძღვანელს ბატონ გიორგი რამიშვილს, რომელიც წლების მანძილზე გვერდში უდგას სათხილამურო სპორტს.
ინტერვიუ ალექსი ბენიაიძესთან:
- ალექსი, რამდენი წლის დადექი თხილამურებზე და იყო თუ არა შენი ოცნება სპორტსმენობა?
პირველად თხილამურზე 5 წლის ასაკში დავდექი და ამ ასაკში ძნელია გადაწყვიტო გინდა თუ არა გახდე პროფესიონალი მოთხილამურე, მაგრამ რამდენიმე წლის ვარჯიშისა და ზამთრის სეზონზე თითქმის ყოველდღიური სრიალის შემდეგ მივხვდი, რომ ეს იყო ის საქმე, რაც მიყვარდა და მინდოდა მეკეთებინა.
- ყველაზე კარგად რომელი წარმატება გახსენდება?
ყველაზე კარგად ის წარმატებები მახსენდება, სადაც შეჯიბრის გამარჯვებული გავმხდარვარ, მაგრამ, სამწუხაროდ, არასდროს არ გამიმარჯვია ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატზე, თუმცა მე და ჩემს გუნდელებს დიდი კონკურენცია გაგვიწევია წამყვანი მოთხილამურეებისთვის, რაც ძალიან დიდი სტიმულის მომცემი იყო ჩემთვის.
- რა მოგცა ცხოვრებაში პროფესიონალურმა სპორტმა?
ამ სპორტმა მასწავლა საქმისადმი სიყვარული, რასაც აკეთებ ადამიანი, კარგად უნდა აკეთო. თავდადება, მეგობრების გვერდში დგომა და მათი წარმატების გაზიარება, მოკლედ ბევრი რამ, რაც ადამიანს შემდგომ ცხოვრებაში აუცილებლად გამოგადგება. მთა და თხილამურები ჩემი ცხორების ნაწილია, რასაც ვერასდროს ვერ მივატოვებ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ამ წლების განმავლობაში გვერდში გვედგა: საქართველოს სათხილამურო ფედერაციას, სპორტის სამინისტროს, კომპანია ,,სილქნეტს“, ოლიმპიურ კომიტეტსა და მწვრთნელებს.
- დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, წარმატებებს გისურვებთ!
- დიდი მადლობა თქვენ!
საქართველოს სათხილამურო ფედერაცია მადლობას უხდის იასონ აბრამაშვილსა და ალექსი ბენიაიძეს. იმედი გვაქვს, ისინი სათხილამურო სფეროში დარჩებიან და საქართველოში სპორტის ამ სახეობის განვითარებას ახლა უკვე სხვა კუთხით შეუწყობენ ხელს.
წარმატებებს ვუსურვებთ მათ!
საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრესსამსახური