საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების ლიდერმა ნანა ძაგნიძემ (2510) რუსეთის ქალაქ ყაზანში გამართული პრეტენდენტთა ტურნირი მე-5 ადგილზე დაასრულა.
ძაგნიძე ბოლო მე-14 ტურში თეთრი ფიგურებით რუს ეკატერინა ლაჰნოს (2544) დაუზავდა და თავი 6.5 ქულას მოუყარა. ნანამ მეხუთე-მეექვსე პოზიციები უკრაინელ მარია მუზიჩუკთან (2563) გაიყო, დამატებითი მაჩვენებლებით კი, მე-5 იყო.
საინტერესოა, რომ მარიამ დასკვნით პარტიაში შეჯიბრის გამარჯვებულ ალეკსანდრა გორიაჩკინას (2522) პირველი და უკანასკნელი მარცხი აგემა, თუმცა, რუს მოჭადრაკეს ჩემპიონობა ვადაზე ადრე ჰქონდა განაღდებული.
გორიაჩკინამ 9.5 ქულა მოუყარა და 1.5 ქულით გაუსწრო უკრაინელ ანა მუზიჩუკს (2539), მესამეზე კი ხსენებული ლაჰნო გავიდა, რომელმაც 7.0 ქულა მიითვალა და ტან ჩჟუნის (ჩინეთი, 2513) დამატებითი მაჩვენებლებით გაუსწრო.
შეგახსენებთ, რომ პლანეტის 8 უძლიერესი ქალი ერთმანეთს ორ წრედ ეჯიბრებოდა, გამარჯვებულმა გორიაჩკინამ კი მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ცზიუ ვენცზიუნთან (ჩინეთი) მატჩში თამაშის უფლება მოიპოვა.