ავტოსპორტი

17:54 | 17.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფერნანდო ალონსოს მეორე ტრიუმფი ლე მანზე

ფერნანდო ალონსომ „ტოიოტას“ საქარხნო გუნდთან ერთად, მეორედ მოიგო ლე მანის 24-საათიანი რბოლა. ესპანელის გარდა, N8 LMP1 კლასის სარბოლო პროტოტიპის საჭეს, იაპონელი კაზუკი ნაკაძიმა და შვეიცარიელი სებასტიან ბუემი მართავდნენ. მათი ეკიპაჟისთვის, ეს ლე მანზე მოპოვებული ზედიზედ მეორე გამარჯვებაა.

შარშანდელის მსგავსად, „ტოიოტა“ ერთადერთი მწარმოებელია, რომელიც LMP1 კლასში მონაწილეობდა. მას მეტოქეობას კერძო გუნდები უწევდნენ, თუმცა კვარცხლბეკზე პირველი ორი ადგილი, იაპონური კომპანიის ეკიპაჟებმა დაიკავეს. მეორე ადგილზე გასულ ეკიპაჟს (N7) იაპონელი კამუი კობაიაში, არგენტინელი ხოსე მარია ლოპესი და ბრიტანელი მაიკ კონვეი მართავდნენ.

სტარტი პოულიდან სწორედ N7 ეკიპაჟმა დაიწყო და რბოლის დიდი ნაწილი პელოტონის სათავეში გაატარა. მაგრამ ფინიშამდე ერთი საათით ადრე, მის მანქანაზე ბორბალი დაზიანდა, რითაც ისარგებლა ალონსოს ეკიპაჟმა და დაწინაურდა. მანვე რბოლა პირველმა დაასრულა და გამარჯვებასთან ერთად, გამძლეობაზე რბოლების მსოფლიო ჩემპიონატის სუპერ სეზონის გამრჯვებულიც გახდა.

„ამჯერად ეს გამარჯვება იღბლის წყალობით მოვიპოვეთ. მოტორსპორტი ასეთია. იმედი მაქვს, ისინი (N7-ის წევრები) მომავალ სეზონში გაიმარჯვებენ“, - განაცხადა ალონსომ, ვინც შარშანდელი ლე მანიც ნაკაძიმასთან და ბუემისთან ერთად მოიგო.

მეორე დიდ გამარჯვებასთან ერთად, ალონსო „ტოიოტას“ გუნდს დაემშვიდობა. მომავალ სეზონში მის ადგილს ახალზელანდიელი ბრენდნ ჰარტლი დაიკავებს, ვისაც ლე მანი „პორშესთან“ ერთად აქვს მოგებული (2017 წელს) და ორჯერ (2015 და 2017 წლებში, პორშე) გახდა გამძლეობაზე რბოლებში მსოფლიო ჩემპიონი. ალონსო სხვა სარბოლო სერიებზე (მათ შორის, შესაძლოა დაკარის რალი-მარათონზეც იასპარეზოს) გადაერთვება, თუმცა ლე მანზე დაბრუნებასაც არ გამორიცხავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115554