სხვა

23:40 | 16.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს სპორტსმენთა გაცილების ცერემონია მეორე ევროპულ თამაშებზე

დღეს თბილისის ოლიმპიურ პარკში გაიმართა მეორე ევროპულ თამაშებზე საქართველოს სპორტსმენთა გაცილებისა და ფიცის დადების ცერემონია, რომელსაც უძღვებოდა სეოკ-ის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი.

გაცილების ცერემონიას ესწრებოდნენ თამაშების ლიცენზიანტი სპორტსმენები, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინსტროს, სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელები, მწვრთნელები, მსაჯები, სახელოვანი ვეტერანი სპორტსმენები, სპორტის გულშემატკივრები, ჟურნალისტები.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და სპორტსმენებს მინსკში წარმატებული ასპარეზობა უსურვეს სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და სეოკ-ის საპატიო პრეზიდენტმა ნონა გაფრინდაშვილმა.

დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.

ცერემონიაზე ოლიმპიური გუნდის სახელით ფიცი დადო ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორმა, 8-გზის ოლიმპიელმა ნინო სალუქვაძემ.

მეორე ევროპულ თამაშებს ბელარუსის დედაქალაქი მინსკი 21-30 ივნისს უმასპინძლებს და მასში 50 ქვეყნის 4000 ზე მეტი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას სპორტის 15 სახეობის 23 დისციპლინაში.

მეორე ევროპულ თამაშებზე იასპარზებს საქართველოს 61 სპორტსმენი სპორტის 10 სახეობაში ჭიდაობა (ბერძნულ-რომაული, თავისუფალი) ძიუდო, ტყვიის სროლა, ტანვარჯიში (სპორტული, მხატვრული ბატუტზე ხტომა), კარატე, კანოე, მშვილდოსნობა, კრივი, ველოსპორტი, სამბო.

საქართველოდან მინსკში გაემგზავრება 122-კაციანი დელეგაცია (სპორტსმენები, მწვრთნელები, ადმინისტრაციული და სამედიცინო პერსონალი, მსაჯები, ჟურნალისტები, სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები, სეოკ-ის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელები), რომელსაც უხელმძღვანელებს სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი. ოლიმპიურ სოფელში მისიის ხელმძღვანელი იქნება სეოკ-ის სპორტული დირექტორი გიორგი ესაკია.

თამაშების საზეიმო გახსნის ცერემონიაზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშე იქნება მსოფლიოს ჩემპიონი ძიუდოში გურამ თუშიშვილი.

www.geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.133666